weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დევნილთა სააგენტოს განცხადება ჩანგელიების ოჯახზე და უფლებადამცველის პასუხი

22:38 კვირა, 20 დეკემბერი 2020

დევნილთა სააგენტოს განცხადებით, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს 14 დეკემბერს სახელმწიფომ ზუგდიდში სამოთახიანი ბინა გადასცა და „აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“ გავრცელებული ინფორმაცია დევნილი ოჯახის, მათ შორის 8 წლის ბავშვის, ღია ცის ქვეშ დატოვების შესახებ.

როგორც სააგენტო აცხადებს, დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.  

„ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ამიტომ, ვთხოვთ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაამოწმონ ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

სახელმწიფო უწყების ამ განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი, რომელიც ჩანგელიების ოჯახის ინტერესებს იცავს. უფლებადამცველის თქმით, 2020 წლის დეკემბერში, „ფურცელზე გადაცემული ბინა, როდესაც ოჯახს ჯერ გასაღებიც არ აქვს და როცა ჯერ არავინ შესახლებულა, მათი ინფორმაციით, იმ კორპუსში, ბინის ქონას არ ნიშნავს“.

 „ვინაიდან ამ ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი მთელი ეს პერიოდი, ამიტომ ააშენეს ნაგავსაყრელზე სახლი და ამაში შშმ პირთა პენსიის წინასწარ გამოტანილი სესხი გამოიყენეს. მათ ამ სესხის აღება და საჭმლის ნაცვლად სახლის აშენება არ მოუწევდათ, ეგ ბინა დროულად რომ გადაგეცათ.

მათი მთავარი მოთხოვნაც ესაა, სესხი, რაც სახლის აშენებაში გადაიხადეს, დაუბრუნოთ და სანამ ზუგდიდის გასაღები არ ექნებათ, ქუჩაში არ დატოვოთ. შშმ პირთა პენსია ადამიანებს იმისთვის აქვთ დანიშნული, რომ საჭმელი ჭამონ და არა ნაგავსაყრელზე სახლები აშენონ. თქვენ კი ადამიანების საჭმლის ფულით აშენებულ სახლებს ბულდოზერები არ უნდა ურტყათ“, – პასუხობს უფლებადამცველი დევნილთა სააგენტოს.

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს 8 წლის გიგი ჩანგელიას სახელით მიმართა და მოითხოვა შეეჩერებინა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სახლის დემონტაჟი, რაც ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს 20 დეკემბერს იგეგმებოდა. ორგანიზაციის თანახმად, ბავშვი აფრიკის დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებთან და 79 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სასამართლომ სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე უარი თქვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები დღეს აფრიკის დასახლებაში, ჩანგელიების სახლთან იმყოფებოდნენ. სახლის დემონტაჟისთვის მუნიციპალური ინსპექციიდან არავინ მივიდა.

თბილისის მერიის დავალებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი გასულ კვირაში დაიწყო, რასაც ადგილობრივების და მშენებელთა პროტესტი მოჰყვა. ინსპექციის განცხადებით, ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო აშენებული და დემონტაჟი კანონის შესაბამისად მოხდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში კიდევ 7 უკანონოდ მშენებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითხოვს, რისთვისაც მოქალაქეებს 18 დეკემბერს ოთხდღიანი ვადა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]