კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, საშვი გაიცემა იმ ადამიანებზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოს მიაწვდის.
„საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო.
განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება“, – აცხადებს ჯუზეპე პაზოტო.
22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრებს მოუწოდა, საკუთარი მრევლის სია მიეწოდებინათ მთავრობის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომელიც მათ ერთჯერადი საშვით უზრუნველყოფდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, აკრძალულია პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისია ახალი წლის ღამე და ასევე, 6 იანვრის ღამე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.