weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ISFED-ის დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ხარვეზის მნიშვნელობა – გამგეობის წევრი

14:56 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

„ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა როგორც გამგეობა, ისე ISFED-ის უფრო დიდი გუნდი და თავად ელენე ნიჟარაძე“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გამგების წევრმა, ბაია პატარაიამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

ბაია პატარაიას თქმით, ISFED-ი უკვე იყო ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების გადამოწმების პროცესში, როდესაც ექსპერტმა განახორციელა ზარი აღმასრულებელ დირექტორთან და დაუსვა შეკითხვა, შემთხვევით ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენები, რადგან როდესაც მონაცემების ანალიზს აკეთებდა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ცდომილება, რომელიც არსებობდა, შესაძლოა ამით ყოფილიყო განპირობებული. პატარაიას თქმით, პირველი ადამიანი, რომელსაც კითხვა გაუჩნდა ეუთო-ს ექსპერტი იყო.

„გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ხარვეზი ფორმულაში, რომელიც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიდა. შემდეგ ორგანიზაციის შიგნით გაჩნდა შეკითხვები - ჰქონდა თუ არა მას შედეგი სხვა მონაცემებზე, ხომ არ იყო კიდევ სხვა ტიპის შეცდომები დაშვებული.

ნოემბრის ბოლოსთვის ორგანზიაციას ჰქონდა სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეცდომა, ხარვეზი პროგრამაში ერთი იყო, მას გავლენა არ ჰქონდა სხვა ტიპის მონაცემებზე და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო ამაზე კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ მხოლოდ ISFED-ის დირექტორი და მისი მოადგილე.

„ისინი, უფრო კი აღმასრულებელი დირექტორი იღებდა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით და როგორ მიეწოდებინათ ინფორმაცია საზოგადოებისთვის. თავიდან იყო მოსაზრება რომ დეკემბრის დასაწყისში გაკეთებულიყო, მერე გადაიდო და შუალედურ ანარიშთან ერთად გამოქვეყნება გადაწყვიტეს. მათი მოსაზრება იმაზე, თუ რატომ მყისიერად არ გახდა ცნობილი ხარვეზის შესახებ იყო ასეთი: მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, ხვდებოდნენ, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო ამის შესახებ საუბარი, მაგრამ თვლიდნენ, რომ ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და ეს გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, გადაწყვიტეს, რომ აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაედოთ ხარვეზის შესახებ კომუნიკაცია და გამოექვეყნებინათ შუალედურ ანგარიშთან ერთად“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, გამგეობისთვის ხარვეზის შესახებ ცნობილი გახდა 11 დეკემბერს, ხოლო 12 დეკემბერს გამგეობამ შექმნა კომისია, რომელსაც ხარვეზი და მასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვა უნდა შეესწავლა. კომისიამ მიიჩნია, რომ ხმების პარალელურ დათვლაში დაშვებული ხარვეზი იყო ადამიანური შეცდომა, რომელზეც პასუხისმგებლობა მთლიანად PVT-ის ჯგუფს ეკისრება და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. ამასთან, კომისიის აზრით, ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დაგვიანებული იყო და ამას არ გააჩნდა ახსნა.

„ISFED-ის გამგეობა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაუმჟღავნებლობა. ამ ინფორმაციის დროულად გაუმჟღავნებლობამ გამოიწვია ძალიან ბევრი ეჭვი, ძალიან ბევრი სპეკულაცია, მათ შორის შეთქმულების თეორიის განვითარებაც კი, რამაც მთლიანად ორგანიზაციას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და კითხვის ნიშნები გააჩინა აღმასრულებელი დირექტორის შესახებაც, ხომ არ იყო ის რაიმე ტიპის ზეგავლენის ქვეშ, ხომ არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, PVT-ის სანდოობაც კი დადგა ეჭვის ქვეშ.

ვფიქრობთ, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა მნიშვნელობა ამ ხარვეზის და დაგვიანებული კომუნიკაციით გამოწვეული შედეგები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებით განხორციელებული კომუნიკაცია არის ისეთი შეცდომა, რომელიც აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ გამგეობისთვის. დღეს, ელენე ნიჟარაძე აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა ძალიან ფართოდ ელენესთან, გამგეობა მსჯელობდა ამაზე, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ISFED-ის თანამშრომლები და ის დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნების დროს მუშაობენ ISFED-თან. რეალურად, ეს იყო კონსენსუსი მთელი ამ ძალიან დიდი ჯგუფის. ელენე ნიჟარაძე აცხადებდა, რომ ის მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დირექტორის თანამდებობიდან, თუ ბორდი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ასეთ მძიმე შეფასებას თუ მისცემდა ბორდი მის მმართველობას“, – განაცხადა ბაია პატარაიმ.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ხარვეზის შესახებ პირველად საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]