ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, ხოლო 1960 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1962 წლებში ჯულიეტა ვაშაყმაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. ის გადაღებულია კინოფილმებში „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა“, „ცარიელ დარბაზში“, „სპექტაკლის შემდეგ“, „სტუდია-5“, „ჩვენი მისამართია“ და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.
ჯულიეტა ვაშაყმაძეს 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 1967 წელს კი საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.