weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობას COVID 19-ის გამო შეზღუდვების დაწესების უფლება ივლისამდე გაუხანგრძლივდა

12:20 ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020

საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2021 წლის პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდა.

„იმედი მაქვს, რომ 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 45​3 მუხლის თანახმად, 2021 წლის პირველ ივლისამდე იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია:

ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

ბ) ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან ერთად, ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ, 2021 წლის 1 ივლისამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]