weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ჭუბერსა და ნაკრაში „ნენსკრა ჰესის“ გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება

13:51 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 hits 3133

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში 280 მვტ დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა ჭუბერსა და ნაკრაში გაიმართება. განხილვა 22, 23 და 24 აგვისტოს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროს“ განცხადებით, საჯარო განხილვები ღია კარის ფორმატში ჩატარდება. სოფლების მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალიტებისგან განმარტებები მიიღონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწების შესყიდვა, გარემოს დაცვა, კაშხლის უსაფრთხოება, თემის განვითარების პროგრამა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

მაღალკაშხლიან ჰიდროელექტროსადგურს „ნენსკრა ჰესს“ ზემო სვანეთში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-water აშენებს. პროექტზე კორეელი ინვესტორის მიერ 2015 წელს შექმნილი სააქციო საზოგადოება - „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს.

„ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

2016 წელს, პროექტის განხორციელების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ჭუბერის თემში. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ სახელმწიფოს მიერ „ნენსკრა ჰესისთვის“ სამშენებლო ნებართვის მიცემა და 2016 წლის იანვარში პოტენციური დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან (Emerald site) დაცული ტერიტორიის - „სვანეთი 1-ის“ ამოღება ბერნის კონვენციაში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის განცხადებით, ჰესის მშენებლობა, მისი მასშტაბის, დიზაინისა და საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის გამო, ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს. პროექტის დიზაინი კი ისეთია, რომ მოიცავს ყველა იმ უარყოფით ზემოქმედებას, რომლებიც ახასიათებთ წყალსაცავიან და დერივაციულ ჰესებს: მდინარის ჰაბიბატის გაწყვეტა მაღალი კაშხლით, ხმელეთის ჰაბიტატების ფრაგმენტაცია წყალსაცავით, დატბორვა, ტყისა და სხვა ხმელეთის ეკოსისტემების განადგურება, მდინარის ჰაბიტატის დეგრადაცია მდინარის კალაპოტში მხოლოდ სანიტარული ხარჯის დატოვების შედეგად და სხვა.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ბერნის კონვენციით დაცულ ისეთ სახეობებზე, როგორებიცაა ჯუჯა არწივი, წავი, ფოცხვერი, მურა დათვი, გრძელყურა მღამიობი, კავკასიური შურთხი, კავკასიური ჯვრიანა და ორაგული.

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში უნდა დაიწყოს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი დოლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]