ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, გაგრის რაიონში დაახლოებით 6 ჰექტარზე იწვოდა გამხმარი და მეჩხერი ტყე. ცეცხლი მიუახლოვდა საცხოვრებელ სახლებს. ხანძრის ჩაქრობის მიზნით გაგზავნილ იქნა გაგრიდან 4 სახანძრო და ერთი სამაშველო და სოხუმიდან ერთი სახანძრო ბრიგადა.
„ცეცხლი ლიკვიდირებულია. 8 იანვრის დილით გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა ფრაგმენტული იყო. ალი ნაწილობრივ მაღალმთიანი ნაწილისკენ წავიდა. სანაპირო ზონაში შეიმჩნევა დაბალი ინტენსივობის ცალკეული კერები.
7 იანვარს ლოკალური ხანძრებიც ლიკვიდირებული იყო გუდაუთის რაიონში, სოფელ მუგუძირხვაში, ასევე ოჩამჩირის რაიონის სოფლებში - რეკასა და ბესლახუბაში. გალის რიონის სოფელ განახლებაში ჩააქრეს 1 ჰექტარზე, ბუჩქებზე გავრცელებული ხანძარი.
8 საათსა და 30 წუთზე შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში ხანძრის შესახებ. ცეცხლი კერძო ხის სახლს მოეკიდა. მეხანძრეების ოპერატიული მუშაობის მიუხედავად სახლი სრულად დაიწვა“, – ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, ტყის ხანძრების ქრობასთან დაკავშირებული სიტუაცია ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა. პრეს-სამსახურის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტშია იმ რაიონების ხელმძღვანელებთან, სადაც ტყე იწვის. ბჟანიამ „რეგიონების ხელმძღვანელებს დაავალა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელონ“.