weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აქცია პანკისში - ამნისტია ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულებზეც გავრცელდეს

23:40 პარასკევი, 08 იანვარი 2021

დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში იმ მოთხოვნით, რომ ამნისტია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდეს. საუბარია რამაზ მარგოშვილზე, რუსლან ალდამოვზე, ზურაბ გორნაკაშვილსა და ზურაბ იდოიძეზე, რომლებსაც სასამართლოს მიერ 10-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა აქვთ მისჯილი საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის. 

„შეკრებილები ვართ დაჭერილი ახალგაზრდებისთვის. როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა ამნისტიაზე და ამ ამნისტიაში არ შედის ეს მუხლი, რაც არასწორად მიგვაჩნია. არ უნდა არსებობდეს დანაშაულის ტაბუდადებული სახეობები, რომლებსაც არ ეხება ამნისტია. დანაშაული დანაშაულია და პატიმარი პატიმარია. თუ მადლიერება კეთდება, უნდა ეხებოდეს ყველას. საუბარი გვაქვს დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თემირლანი რომ იქნა მოკლული, მაშინ აყვანილ ახალგაზრდებზე, 10-12 წელი რომ მიუსაჯეს. დუისიდან არის მარგოშვილი, ალდამოვი, ომალოდან - გორნაკაშვილი, კიდევ იდოიძე.

თხოვნით მივმართავთ ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტსარჩევაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, გაითვალისწინოს, რომ ეს გაუცნობიერებლად მოხდა, შეცდნენ ეს ახალგაზრდები და ამიტომაც, ამნისტია მათაც შეეხოთ.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მთლიანად გათავისუფლდნენ, მაგრამ სასჯელი შეუმსუბუქდეთ. ესეც ძალიან დიდი საქმე იქნება. ჩვენ ახლა გვაქვს ასეთი აზრი, ჩვენი დეპუტატი ბრძანდება პარლამენტში, რომელიღაც კომიტეტს განაგებს, მისი მეშვეობით პარლამენტს ხელმოწერებით მივმართოთ, რომ ეს საკითხი განიხილონ პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

აქციაში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები, სალაფიტური თემის იმამი, უხუცესთა კავშირის სხვა წარმომადგენლები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტმა 5 იანვარს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. განსახილველი კანონის პროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება ტერორიზმის დანაშაულს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 332-3312 მუხლებით რეგულირდება. როგორც კანონპროექტის ავტორმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტიამ შესაძლოა 1000 ადამიანი მოიცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრებლები - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულები დაკავშირებულები იყვნენ საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებულ ახმედ ჩატაევთან და მისი დაჯგუფების წევრებთან, რომლებიც იმავე წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაანეიტრალეს და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

ზურაბ იდოიძე 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, დაკავებულები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში, უზრუნველყვეს მათი თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამაზ მარგოშვილს 12 წლითრუსლან ალდამოვს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გორნაკაშვილისა და ჩოფანაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რადგან ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობები უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ორივე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი მსჯავრი უნდა შეფარდებოდა, თუმცა საბოლოოდ, გორნაკაშვილმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.

2018 წლის სექტემბერში, სასამართლომ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბადურ ჩოფანაშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ჩოფანაშვილი ციხიდან ორი კვირის წინ გათავისუფლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]