weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გორში საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს გაფიცვის გამო ხელშეკრულებები შეუჩერეს

15:22 შაბათი, 09 იანვარი 2021

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა გორის ფილიალის 11 თანამშრომელს, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 5 იანვრიდან გაიფიცნენ. ლევან ჩიკვაიძის წერილი ფოსტის კურიერებმა გუშინ, 8 იანვარს მიიღეს.

ერთ-ერთმა კურიერმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ფოსტის თანამშრომლებს, ქალაქისა და რაიონის კურიერებს, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. პანდემიის და წინასაახალწლო პერიოდში მათი დატვირთვა გაიზარდა, თუმცა დამსაქმებელს სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე არ უზრუნია. ამასთან დაკავშირებით, დეკემბრის ბოლოს, გორის ფილიალის 11-მა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და დანამატების გაცემა მოითხოვა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, რომ დანამატების გაცემის მოთხოვნა „არ გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან“.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია. კომპანიას მოუწევს, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულების ჩასანაცვლებლად საჭირო ზომების დაუყოვნებლივ მიღება“, – ნათქვამია გენერალური დირექტორის წერილში.

ლევან ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიცავს უკანონო გაფიცვის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაც „საქართველოს ფოსტა“ აპირებს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ფოსტის“ გადაწყვეტილება არაკანონიერია და არღვევს დასაქმებულთა გაფიცვის უფლებას. ორგანიზაცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის თანამშრომელთა ინტერესები სასამართლოში დაიცვას, მანამდე კი დამსაქმებელს მოუწოდებს, თანამშრომლები არ გაათავისუფლოს და მათთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]