weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

მესტიაში ადგილობრივებმა მორიგე აიძულეს, ქვესადგური სრულად გაეთიშა – ენერგო პრო

22:23 შაბათი, 09 იანვარი 2021

„მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, სამწუხაროდ, შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით. მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი. მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა ქვესადგური სრულად გაეთიშა“, – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში, 6 იანვარს, შობის ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ზემო სვანეთში ენერგეტიკული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას კრიპტოვალუტების  მწარმოებელი პუნქტების მიერ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას უკავშირებს. კომპანიის განცხადებით, 2020 წელს მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა და მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტი საშუალოდ 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას მოიხმარს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ქსელი ვერ უძლებს და ხშირია ავარიული გათიშვები.

ადგილობრივი მცხოვრებლები კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ კომპანია კრიპტოვალუტის პუნქტების მუშაობის აღკვეთით დაინტერესებული არ არის.

„ყველა თანამშრომელმა იცის, სად რა დგას და ისინიც თანამონაწილეები არიან. ყველა - ადგილობრივი თუ ჩამოსული თანამშრომელი ჩართულია ბიტკოინების ბიზნესში. ზოგს სახლში ჰქონდა კრიპტოვალუტის აპარატები და დაეწვათ. კომპანიის ცენტრალური ოფისი რეაგირებას არ ახდენს, როდესაც ვეუბნებით, რომ ჩამოვიდნენ და გადააკონტროლონ ვითარება ან ადგილზე ახალი უფროსი დანიშნონ“, – უთხრეს მესტიის მცხოვრებლებმა „რეგინფოს“.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს, მესტიაში, სასტუმრო „ბანგურიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შეფასებით,  იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას იტაცებდნენ, რასაც 4-5 საშუალო სოფელი მოიხმარს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არავის არის მიცემული.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ აქვთ „კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით“. კომპანიის განცხადებით, კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც „ერგო-პრო ჯორჯია“ პასუხისმგებლობას მოიხსნის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]