ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, გუშინ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იყო აკრძალული ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე, რომელიც ამ დროისთვის აღდგენილია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12-14 იანვარს მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი. 15-დან 18 იანვრის ჩათვლით კი, გადაუღებლად ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა -5, -11 გრადუსი იქნება. 19 იანვრიდან გამოიდარებს, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.