ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზა დააზიანა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობდა.
უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც - სოფელ ბრილში, საცხოვრებელ სახლებთან მიწის მასა ჩამოწვა. მცირე მეწყერები განვითარდა შიდა სასოფლო გზებზეც.
წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სურამულამ სურამსა და ხაშურში ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატობორა. წყალი შევარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში. მდინარემ კალაპოტი შეიცვლა და სათბურების ნაწილი დატბორა, ნაწილი კი მთლიანად წაიღო.
უხვმა ნალექმა დააზარალა სამტრედიის, ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი სამანქანო ხიდი, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბაშში, ათამდე საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლია დატბორილი. გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა კორმაღლის ადიმინისტრაციულ ერთეულში, ერთ-ერთი ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთში და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩამოშლილი კლდის ქანი საცხოვრებელ სახლს საფრთხეს უქმნის.