დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეს რეგულაცია განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებსა და ახალგაზრდებში თამბაქოს პროდუქტების მოხმარების პრევენციისთვის.
„სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ქსელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ნორმის აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ავალდებულებდათ, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისიდან დაიწყო. მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად აქვს გამოფენილი ეს ლეტალური პროდუქტი, დაუყონებლივ მოახდინოს კანონის აღსრულება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
უწყება მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე, რადგან „საკითხი ეხება ჩვენი მომავალი თაობების თამბაქოს პროდუქტებისაგან დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს“.