გამყრელიძის თქმით, ჯერ არ არის მიღებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის, ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით.
„დღეს საბჭოზე განხილული იქნა ეს საკითხი. არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს.
პრინციპში, მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი.
ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის ძალიან მკაცრი მონიტორინგის, გაფართოებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობისა და უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციის ფონზე.
ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.
ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 4964 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში, 25 პაციენტი გარდაიცვალა.