weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაქცინაციის გეგმა კვირის ბოლომდე დამტკიცდება – თამარ გაბუნია

13:32 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციის გეგმას მთავრობა კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. როგორც გაბუნიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდება.

„ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს გეგმის ვერსიას, რაც მთავრობაში გამოიგზავნება დასამტკიცებლად და ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებიდან შემდეგ მოსახლეობის იმ ჯგუფებზე, ვისაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი მოცვა.

სამიზნე მაჩვენებელი არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც გვინდა მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმის გარანტია, რომ იმუნურობის დონე იყოს შესაფერისი და მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფია ჯანდაცვის სპეციალისტები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები, ვისაც ასევე აქვთ მაღალი რისკი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირველ ფაზაზე ვაქცინაცია შეეხება შემდეგ ჯგუფებს: ჯანდაცვის სექტორის მუშაკებს, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებსა და პერსონალს, 75 წლის ზემოთ პირებს, 65-დან 75 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ანუ ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, 55-დან 64 წლის ჩათვლით მყოფი ასაკობრივი ჯგუფი, 18-დან 55 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები.

„ჯამურად ეს შეადგენს 1 700 000-მდე ბენეფიციარს. ამდენად ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც დაგვჭირდება მათი სრულად მოცვისთვის არის 3 900 000. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა და ინსტენსიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა. პირველი-მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი-მეორე ჯგუფების მოცვას და შემდეგ უკვე ვფიქრობთ ვაქცინაციის ფართო კამპანიის წამოწყებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გეგმაში დაკონკრეტებულია, რომ საქართველო მზად არის ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა მიიღოს.

ჯერ უცნობია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]