weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანონში ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება

18:07 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტში „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლითაც კანონში გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები განისაზღვრება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მოქმედ კანონმდებლობაში ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც კანონის აღსრულების პროცესში პრობლემას ქმნის.

„ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ეს იწვევს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მიმართ არაპროპორციული სასჯელების გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელის სახით.

ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი პირდაპირ ექცევა სისხლის სამართლის არაპროპორციულად და უსამართლოდ მკაცრი ნორმების მოქმედების სფეროში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტით არ ხდება ნარკოდანაშაულის რაიმე ფორმით დეკრიმინალიზაცია და, მით უმეტეს, ლეგალიზაცია. ასევე, კანონპროექტი ვერ იქონიებს გავლენას ნარკოდანაშაულის ზოგიერთი მძიმე ფორმის (მაგალითად, გასაღების, რეალიზაციის) კვალიფიკაციაზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც უნდა შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა.

„კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული და სამართლიანი სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარებისთვის“, – აღნიშნა კანონპროექტის ინიციატორმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]