weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეო მტკიცებულებად წარადგინა

17:56 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრიფინგი გამართა და მტკიცებულების სახით ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო კაბინეტში გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

„საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-იან და 80-იან წლებში გამოცემულ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასოდეს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.

აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს ეხება“, – განაცხადა პროკურორმა

ამირან გულუაშვილის განმარტებით, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია 2020 წლის 28 სექტემბერს, ვიდრე ივერი მელაშვილს დააკავებდნენ.

„ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ივერი მელაშვილი ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ივერი მელაშვილი აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის.

ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის მტკიცებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს - დაახლოებით 3500 ჰექტარს.

საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ.

პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიგზავნა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]