weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

შეიცავს თუ არა უხამსობას მთავარი არხის სიუჟეტი კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში დაადგენს

01:33 პარასკევი, 22 იანვარი 2021
კადრი სადავო სიუჟეტიდან კადრი სადავო სიუჟეტიდან

კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს გამართულ სხდომაზე იმსჯელა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის განცხადებით, უხამსობას შეიცავს. საქმე ეხება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ 12 დეკემბერს, „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გასულ სიუჟეტს.

კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებლებს უკრძალავს უხამსობის შემცველი პროგრამის განთავსებას, ხოლო მარეგულირებელ კომისიას ავალდებულებს, კანონის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

„2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მიიჩნევს, რომ „უხამსობისგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“.

ბექაურის თქმით, უხამსობის რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი.

„კანონით ეს რეგულირებადი საკითხია 2009 წლიდან, ჩვენ ამაზე აქტიური მონიტორინგი დავიწყეთ, მოვუწოდეთ მაუწყებლებს, რომ ამ სერიოზულ პრობლემას მიაქციონ ყურადღება და ასეთი შინაარსის შემცველი გადაცემების გავრცელებას მოერიდონ, რადგან, ადამიანებს, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფას აყენებენ დიდი აუდიტორიის წინაშე, ამით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის სურვილი ჰქონდეს და ის ამას მოერიდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა მას შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც მისი უფლებები შეიძლება შეილახოს“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, კომისია სიუჟეტის შინაარსში ერევა, რისი უფლებაც არ აქვს.

„სიუჟეტი იყო სარკაზმით გამოხატული პოლიტიკური შინაარსის ანალიტიკური სიუჟეტი. მარეგულირებელ კომისიას არ მოეწონა მისი შინაარსი და კონკრეტულ ეპიზოდებზე გვედავება, მათ შორის, წიგნიდან მოტანილ ციტირებაზე, თითქოს ეს არის უხამსობა, რაც გაუგებარია და რა თქმა უნდა, ცენზურაა. მარეგულირებელი კომისიისა წარმოდგა უკვე, როგორც ცენზურის გამტარებელი ორგანო.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიას კანონით აკრძალული აქვს, შევიდეს გადაცემის შინაარსში და შინაარსის მიხედვით განიხილოს სიუჟეტები და დაადგინოს არის თუ არა დარღვევა, კანონის გვერდის უვლიან და აპირებენ, რომ ეს ბერკეტები საკუთარ ხელში აიღონ. ეს იქნება პირველი პრეცედენტი“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიას არ ჰქონდა საკითხის წამოჭრის და მსჯელობის დაწყების უფლება.

„ამ საკითხის რეგულირების უფლება სასამართლოს აქვს და არა კომუნიკაციების კომისიას. რაც შეეხება იმას, არის თუ არა სიუჟეტში უხამსობა, შინაარსში რომ შევიდეთ, უხამსობა არის ისეთი გამონათქვამი, ინფორმაცია, თუნდაც ჟესტები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, სახელოვნებო შინაარსი. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ სუბიექტთან დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტზე და მას გააჩნია პოლიტიკური შინაარსი, არ შეიძლება ვისაუბროთ უხამსობაზე“,  – აღნიშნა საიას თავმჯდომარემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

კომისია აცხადებს, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]