ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 129 ნომერში, გაზგასამართი სადგური და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, რომ მათთან მოთავსებული ერთ-ერთ პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულს სხეულის 90%-ის, ასევე სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი გაზგასამართ სადგურში გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან აღნიშნული გაზგასამართი სადგურის გადატანას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი თქმით, დასახლებულ პუნქტთან ახლოს სადგურის არსებობა საფრთხის შემცველი იყო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ.