გამყრელიძის თქმით, სრული ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობას ნიღბის გამოყენება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა მაინც მოუწევს.
„ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობაა წარმოებული და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ დაახლოებით 8 მილიარდი ვაქცინაა შეკვეთილი ორჯერადი ვაქცინაციისთვის. ეს არის 4 მილიარდი ადამიანის აცრა. თუ ეს მოხდა და ამას მიაღწია, ამასთან ერთად, ჩვენ გარკვეული პერიოდი მაინც მოგვიწევს ნიღბის ხმარება, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა. ამასთან, დაგვჭირდება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ამან ხომ სხვა რამეზეც იმოქმედა. ხომ ნახეთ, წელს გრიპი თითქმის არ არის. ამიტომ, დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს დილისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 71% გამოჯანმრთელებულია.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაახლოებით 56 ქვეყანაში კორონავირუსზე აცრილია 68 მილიონზე მეტი ადამიანი.