weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომისიამ მთავარი არხი „უხამსობის ტირაჟირების გამო“ სამართალდამრღვევად ცნო

17:01 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021
ფოტოზე - კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური ფოტოზე - კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევად ცნო ეთერში იმ სიუჟეტის განთავსების გამო, სადაც ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან დაკავშირებული კადრებიც იყო, თუმცა, მარეგულირებელმა ორგანომ ტელეკომპანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

„კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა. კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა“, – განმარტავენ კომუნიკაციების კომისიაში.

საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს.

„სიუჟეტში გამოვლინდა ორი პრობლემური კომპონენტი: პირველი - გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც თან ერთვოდა აუდიონარატივი უხამს გამონათქვამზე კონოტაციით და მეორე – ჟურნალისტის გამონათქვამი, რომელშიც იგი პარლამენტს პრეზერვატივს ადარებდა, ხოლო კონტექსტის გათვალისწინებით პარლამენტის წევრებს – მამაკაცის გენიტალიებს.

სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია“, – აცხადებს კომუნიკაციის კომისია.

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, „უხამსობის შემცველი გადაცემის“ განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის, მათ შორის, არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებები დაირღვა.

„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში 21:57 საათზე, საუკეთესო დროს განთავსდა, შესაძლებელია, რომ მას მაყურებლის დიდმა რაოდენობამ უყურა. მაუწყებლის აუდიტორიის წევრები კი დროის ამ მონაკვეთში, ასევე შესაძლოა ყოფილიყვნენ არასრულწლოვნებიც. არასრულწლოვნების ნორმალურ ფიზიკურ, მორალურ და მენტალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ, თუმცა მათ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ 21:57 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში უხამსობის შემცველი, არასრულწლოვნისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი სიუჟეტი განთავსდებოდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა გადადის მაუწყებელზე

გარდა იმისა, რომ სიუჟეტი არღვევს არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება ასევე პრობლემურია სრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებთან მიმართებითაც.

იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ეფექტურად არ მოახდენს რეაგირებას უხამსობის შემცველ გადაცემებზე, შესაძლოა, ნებისმიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა გახდეს არაეთიკური სიუჟეტებით, უხამსი განცხადებებით და ქმედებებით გაჯერებული და მაყურებელს არჩევანი არ დარჩეს“, – აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის განხილვას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აფასებს. კოალიციის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

„ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიცია აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც სადავო გახდა, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტს, რომელიც ზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 

გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვა მაუწყებლებზე.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების აღიარებულ სტანდარტებს“, – აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]