პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მათი სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
პირველი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება:
- მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა;
- მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას;
- დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, სააგენტო განაცხადებს მხოლოდ ელექტრონული წესით იღებს, მზა დოკუმენტი კი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით ისარგებლონ.