weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკლასო ოთახებში სწავლა მასწავლებელთა ტესტირების პარალელურად მიმდინარეობს

17:02 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021

მეორე დღეა, საქართველოში,თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლების გარდა, საკლასო ოთახებში სწავლა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების მასობრივი ტესტირების პირველი ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, მოსწავლეები გაკვეთილებს მაინც ესწრებიან. ზოგიერთი ქალაქის სკოლებში მშობლებმა უკვე გადაწყვიტეს, მათმა შვილებმა ისევ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ მეცადინეობა, რადგან ეშინიათ, რომ მოსწავლეები სკოლებში კოვიდით დაინფიცირდებიან.

რამდენიმე დღეში გაირკვევა საქართველოს 9 ქალაქის სკოლების მოსწავლეების მშობლებმა რა არჩევანი გააკეთეს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის შემდეგ ქალაქებში: ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, გორი, ზესტაფონი, თელავი, მარნეული და გარდაბანი.

გარდაბანში 35 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, რომელთაგან მესამედმა - თორმეტმა სკოლამ დისტანციური სწავლება მოითხოვა. რაიონში დაახლოებით 1400 მასწავლებელი და სხვა პერსონალია.

„რამდენიმე სკოლა დისტანციურად აგრძელებს სწავლას, მშობელთა მოთხოვნით. ამის მიზეზი პანდემიის შიშია. ასე ამბობენ, დიდი ქალაქის სკოლებში ერთბაშად ყველა გავა, საფრთხეა და გვირჩევნია მარტამდე ვიყოთ სახლშიო. ადგილობრივ ჯანდაცვასთან ერთად 2 კვირაში ერთხელ ხდებოდა მასწავლებლების სულ 20%-ის ტესტირება. არ არსებობს მათი შერჩევის კრიტერიუმი. მონაცვლეობით ერთი ნაწილი ახლა გაიტესტება და დანარჩენი მერე. ყველგან 20% არ არის გატესტილი, მაგრამ თითქმის არის. უწყვეტად მიდის ტესტირებები“ - განაცხადა გარდაბნის რესურცენტრის უფროსმა ირინე ქირიამ, რომლის თქმით ტესტირებები გარდაბნის მუნიციპალიტეტში გასული კვირის პარასკევს, შაბათს და ასევე 1 თებერვალს ჩატარდა.

მარნეულის 74 საჯარო და 2 კერძო სკოლის მასწავლებლებმა და სხვა თანამშრომლებმა მხოლოდ 1 თებერვლისთვის დაასრულეს მონაცემების შეყვანა განათლების სამინისტროს მიერ მითითებულ ბმულზე labour.moh.gov.ge, სადაც სავალდებულო რეგისტრაცია სკოლაში დასაქმებულმა ყველა პირმა უნდა გაიაროს, რათა მათი ტესტირება მოხდეს.

„დაახლოებით 3000-მდე მასწავლებელმა და ყველა თანამშრომელმა დაასრულეს მონაცემების შევსება და ამის მიხედვით გაირკვევა ვის ჩაუტარდება ტესტირება და ვის არა. კოვიდ ტესტირება დღეს უნდა დაწყებულიყო, მანამდე რამდენიმე სკოლაში მოესწრო მისი ჩატარება, მაგრამ სრულად არა“ – აღნიშნა მარნეულის რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ხან გახრამანოვმა და დასძინა, რომ თუ ამ 2 დღეში რომელიმე მასწავლებელს კოვიდი დაუდგინდა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, თუმცა უფრო მეტი მოთხოვნა სწორედ დასწრებით სწავლებაზეა.

მშობლების მხრიდან კოვიდ პანდემიის შიში საფუძვლიანია, რადგან ვირუსი ხველების და ცემინების გზით იოლად გადადის. ასევე, ბავშვები შეიძლება მარტივად დაინფიცირდნენ ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან და შემდეგ სახესთან (თვალებთან, ცხვირთან, პირთან) შეხების შედეგად. სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავა „სკოლებში COVID-19 პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული ზომები“, რათა შეემცირებინა ვირუსის გავრცელების რისკი.

UNICEF-ის რეკომენდაციით, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველამ რეგულარულად დაიბანოს ხელი წყლითა და საპნით, გაიწმინდოს სპირტით/სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ქლორის ხსნარით და რომ სკოლაში რეგულარულად უნდა მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა; სკოლებმა უნდა უზრუნველყონ წყლის, სანიტარული საშუალებების და ნარჩენების მართვა და დაიცვან გარემოს წმენდის პროცედურები.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, „რეგინფო“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს დაუკავშირდა, რადგან რაიონის 2 სკოლაში ტუალეტები შენობის გარეთაა აშენებული და 1 სკოლა კერძო სახლშია განთავსებული, სადაც მოსწავლეებს საპირფარეშოს განაწილება ბინის მეპატრონეებთან ერთად უწევთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორი ნინო ჩიტაძე ამტკიცებს, რომ ჩოჩხათის თემის დაქვემდებარებულ კოკათის სკოლისთვის, რომელიც ნაქირავებ სახლშია განთავსებული „რამდენიმე დღეში ბიოტუალეტს ჩაიტანენ, რაც განათლების სამინისტროში აქვთ მოთხოვნილი“. რაც შეეხება მამათისა და ქვიანის საჯარო სკოლების ტუალეტებს, ნინო ჩიტაძის თქმით, იქ „კუსტარული პირობები კი არაა, არამედ ხის საპირფარეშოებში წყალია მიყვანილი, იქვეა მოთავსებული საპონი, ასევე ხელის გასამშრალებელი და სადეზინფექციო საშუალებები“.

„უბრალოდ, ახლა ვერ ხერხდება ტუალეტების გაკეთება, რადგან 30-40 ათასი ჯდება. სახელმწიფომ ბიოტუალეტები შემოგვთავაზა, მაგრამ არ არის საჭირო რადგან კოხტა, მოწესრიგებული შენობები გვაქვს სოფლებში“, – აღნიშნა ნინო ჩიტაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 24 სკოლის 870 პერსონალიდან, თითქმის 80% უკვე გატესტილია. ბოლო დღეებში, კოვიდ ინფექცია 2 პედაგოგს და 1 დამლაგებელს დაუდასტურდა, რის გამოც ჩიბათის და მამათის სკოლებში პანდემიით დაინფიცირებული მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ჩაატარებენ, თუმცა იმავე სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.

„ჩიბათის სკოლაში ორ ადამიანს მაშინ დაუდგინდა კორონა, როცა სკოლა დაწყებული არ იყო და კონტაქტი არავისთან არ ჰქონიათ. ყველა სკოლის პედაგოგს რენდომულად, ყოველი მეოთხეს არჩევითობის პრინციპით უტარდებოდა ტესტირება როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ასევე კლინიკებში. სწრაფი ტესტის შემთხვევაში პასუხებს მაშინვე ვატყობინებდით, ხოლო თუ PCR-ია, პასუხი მეორე დღეს ხდება ცნობილი“, – აღნიშნა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერმა, ეპიდემიოლოგმა ნატო მენაღარიშვილმა.

ფოთში, მასწავლებელთა ტესტირება პარასკევს, 29 იანვარს დაიწყო. ეს პროცესი ნაწილობრივ ორშაბათს, 1 თებერვალს, დღის 3 საათამდე გაგრძელდა, მაშინ როცა ფოთის 11 საჯარო სკოლაში გაკვეთილები უკვე მიმდინარეობდა, სადაც 400-მდე მასწავლებელია დასაქმებული.

„ფოთში, ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური სასწავლო დაწესებულებებში მივიდა, ყველა სკოლა მოიარეს და პედაგოგების მაქსიმალურ რაოდენობას ჩაუტარეს ტესტირება, რომლებიც ერთიან ბაზებში იყვნენ დარეგისტრირებული. 1 თებერვალს, დიდ რაოდენობას ჩაუტარდა. იქითა ორშაბათიდან სკოლა დააორგანიზებს ონლაინ სწავლებას, გაირკვევა რამდენმა გამოთქვა სურვილი რომ დისტანციურად გააგრძელოს სწავლა“, – აღნიშნა ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ. მისი ინფორმაციით, ორშაბათს სკოლებში მოსწავლეთა 70-72% გამოცხადდა.

„თელავში, 27 საჯარო სკოლაში ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა დღემ და ყველაზე დაბალი 75-80% იყო დასწრება“, – ამბობს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი. მისი მონაცემებით, ამ დროისთვის სკოლების პერსონალის 90% გატესტილია და კოვიდ ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

„1 თებერვალს, ყველა სკოლა შევიდა სასკოლო ოთახებში. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთია, რომ არ უნდა იყოს საჭირო ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა და თუ მშობელი მოთხოვს, მაშინ ჩვენ მეტი გზა არ გვაქვს და უნდა გადავიყვანოთ. ამისათვის მოსწავლე ონლაინ უნდა დარეგისტრირდეს, გაკეთდება ჯგუფები და გამოიყოფა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს დისტანციურად გაკვეთილებს ჩაუტარებს. ალბათ, ეს იქნება მასწავლებელი რომელიც მას კლასში ასწავლის და დამატებით მიიღებს ანაზღაურებას რაც გათვალისწინებულია კანონით“, – აღნიშნა მრელაშვილმა.

„გვაქვს სკოლები, სადაც ბევრი ბავშვის გამო სააქტო დარბაზს ვიყენებთ. შეიძლება, ჰიბრიდული სწავლებაც გამოვიყენოთ, როცა საშუალო საფეხურის მოსწავლეები ორი დღე დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან და 3 დღე საკლასო ოთახში, რათა არ მოხდეს სკოლაში დიდი კონცენტრაცია, თავშეყრა. ეზოში გვყავს მორიგეები, რომლებიც ცდილობენ რომ დაცული იყოს დისტანცია და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ ბავშვებს“, – განმარტა მრელაშვილმა.

გორის 67 საჯარო და 6 კერძო სკოლის დაახლოებით 2000 მასწავლებლის რენდომული ტესტირება ორი კვირის წინ დაიწყო. გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, 1 თებერვალს მოსწავლეთა დასწრებამ მოლოდინს გადააჭარბა და ამ ეტაპზე მხოლოდ სამი კლასია სადაც მშობელთა 70%-მა მოითხოვა დისტანციური სწავლება.

„ქალაქ გორის მე-4 საჯარო სკოლის სამ სხვადასხვა კლასში მშობლებმა განაცხადეს რომ ეშინიათ საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება და სკოლას განცხადებით მიმართეს. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ოთხშაბათამდე ღიაა ბმული და მშობლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ამის შემდეგ გაირკვევა ონლაინ მეცადინეობის დაწყების ზუსტი რიცხვი“, – აღნიშნა ტერმაკოზაშვილმა.

ზესტაფონში 33 საჯარო და 3 კერძო სკოლაა და დისტანციურ სწავლებაზე მოთხოვნა ჯერ არ დაფიქსირებულა.

„ზოგს ეშინია, ყველა მშობელს ერთნაირად არ უხარია სკოლაში ბავშვის წასვლა. ზოგიერთს მეტი სიფრთხილე აქვს, ზოგს ემოციური გრძნობა. ერთი დიაბეტიანი ბავშვია, ვინც რისკ-ჯგუფში შედის. თუმცა დისტანციური სწავლის სურვილი რომ ჰქონოდა და არა სკოლაში დასწრების, ასეთი შემთხვევა არ გვქონია“, - განაცხადა ზესტაფონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ კუპატაძემ. მისი თქმით, სწავლის დაწყებამდე სკოლის მასწავლებლების 20%-ს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, ხოლო ადრე დაინფიცირებულები სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

ზუგდიდის 51 საჯარო და 6 კერძო სკოლიდან 49-ში სასკოლო პროცესი გუშინ დაიწყო. ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის მამუკა ბულიას ინფორმაციით, 1380 მასწავლებლიდან 20%-მა ტესტირება ჩაიტარა და ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში, მხოლოდ 2 სკოლაა დისტანციურ რეჟიმზე და ისიც გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო, ხოლო თუ რამდენმა მშობელმა მოითხოვა ონლაინ სწავლება, ჯერ-ჯერობით მისთვის უცნობია.

ქობულეთის, როგორც ქალაქის 5 სკოლაში, ასევე მუნიციპალიტეტის 46 სკოლაშიც პირველ თებერვალს მოსწავლეთა 85% გამოცხადდა. ამის შესახებ ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ განაცხადა.

„კვირას დასრულდა ტესტირება. ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა სკოლის მასწავლებელს და ტექნიკურ პერსონალს. როგორც ვიცი ვირუსი რამდენიმეს გამოუვლინდა და რამდენიმეზე გასცეს რეკომენდაცია იზოლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი რაოდენობა მე არ მაქვს“, – აღნიშნა გოგიტიძემ, რომლისთვისაც ამჟამად უცნობია თუ რამდენ მოსწავლეს აქვს სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილი.

„ბათუმში, სასკოლო პროცესი 17 კერძო და 27 საჯარო სკოლაში განახლდა და ორშაბათს, პირველ ცვლაში მოსწავლეთა დაახლოებით 75% გამოცხადდა. ტესტირებები სრულად ჩატარდა და კოვიდ შემთხვევა ერთ დამლაგებელს დაუდგინდა, თუმცა რაკი ის სკოლაში არ დადიოდა, ამას სწავლის დაწყებისთვის ხელი არ შეუშლია“ - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ.

Batumelebi.netgazeti.ge-ის ინფორმაციით, პირველ თებერვალს, აჭარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შენობებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა იყო, სადაც სწავლა 2 კვირით გადაიდო, რადგან 3 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა.

მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომლების ტესტირება 2 კვირაში განმეორებით ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]