როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა ნატო ქარდავამ განაცხადა, ცოფი პირუტყვზე ტურის მიერ დაკბენის შედეგად გადავიდა.
„ცხოველი დაკბენიდან რამდენიმე დღეში დაეცა, მიკროსკოპული გამოკვლევის შედეგად კი ცოფის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ცოფის კერიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში, მომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი საქონელი, ასევე ძაღლი, კატა და ცოფის ამთვისებელი ყველა ცხოველი ავცერით“, – განაცხადა ნატო ქარდავამ.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, კარანტინის ფარგლებში აკრძალულია საქონლის, ძაღლების და კატების ქუჩაში გაშვება, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია.
ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ადამიანი ცოფის ვირუსით ინფიცირდება დაავადებული ცხოველის სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტთან (ნერწყვთან) მჭიდრო კონტაქტის შედეგად, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ცხოველის მიერ ტრავმის მიყენებისას (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლვა). ინფიცირების რისკს არ წარმოადგენს დაავადებული ცხოველის თერმულად დაუმუშავებელი ხორცის საკვებად მიღება ან ქსოვილებთან შეხება.