შსს-ს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება სახლში არ იყო და ის პოლიციელებმა ჩადეს.
ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.
15 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში ორი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 4 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე 15 აგისტოს, 294 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ. „ბიოს" უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი ქალაქ რუსთავში.
14 აგვისტოს, სოფელ ფონიჭალაში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დაკავებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 4 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
12 აგვისტოს, ფონიჭალაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი ძმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.