შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის საზღვაო ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
„ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება“, – აცხადებს ქართული მხარე.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.
Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს. შსს-ს განცხადებით, ხომალდი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.