რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოს ინფორმაციით, ისინი საზღვარს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის შემთხვევაში გადაკვეთენ.
გამშვები პუნქტი 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, იმისთვის, რომ ჯავახეთში მცხოვრებმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მიზნით საზღვარი გადაკვეთონ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ნებართვა უნდა იქონიონ. ასევე, აუცილებელია PCR ტესტირების უარყოფითი პასუხი.
პანდემიის გამო, საქართველომ სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულზე ჩაკეტა. აქამდე ნინოწმინდა-ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტით მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები სარგებლობდნენ.
სომხეთთან და რუსეთთან საზღვრების გახსნის მოთხოვნით ბოლო პერიოდში ახალქალაქში აქციები გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, იმის გამო, რომ საზღვრები დაკეტილია, საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ მიდიან და უსახსროდ არიან დარჩენილი.