ფინანსური პოლიციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2740 ლარი.
„ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევები გაიზარდა.