weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა - ახალი დეტალები

18:29 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

ქობულეთის რაიონში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმის ახალი დეტალები პირდაპირ მიუთითებს, რომ ბავშვი განსაკუთრებით განიცდიდა მასზე სექსუალური ძალადობის გამო დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას. გოგონამ ბაბუის მეშვეობით თვითმკვლელობის წინა დღესაც სცადა, გაერკვია, როდის დააკავებდა პოლიცია 24 წლის მამაკაცს, რომელიც ძალადობაში 2 თვის წინ ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედის მონაყოლიდან დღეს გაირკვა, რომ ძალადობის მსხვერპლი გოგონა ნათესავებმაც სასტიკად სცემეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი 9 თებერვალს ჩამოიხრჩო.

გოგონა მე-9 კლასის მოსწავლე იყო. უფროსი და-ძმა ჰყავდა. ვიდრე და დაოჯახდებოდა და საცხოვრებლად მეუღლის სახლში გადავიდოდა, უმცროს დაზე მეურვეობას ის ახორციელებდა, მერე ბაბუა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. დედა ამბობს, რომ მამამთილისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, ვერ გაუძლო და ჯერ ოჯახიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან წავიდა. სურდა, რომ ბავშვებიც მასთან ყოფილიყვნენ, მაგრამ მშობლის უფლება შეუზღუდეს. ბებიაც რომ გარდაიცვალა, უფროსი დაც რომ დაოჯახდა, გოგონა ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად იზრდებოდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბაბუა ყვება, რომ მისი შვილიშვილის გაუპატიურების შესახებ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიტყო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს: „ორჯერ ჰქონია ჩვენს ბავშვთან კავშირი. ცოლად შერთვას ჰპირდებოდა და მოატყუა. ალბათ, ემუქრებოდა, თუ სადმე იტყვი, სახელიც გაგიტყდება და არც გაპატიებო“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 10 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

გოგონას და მისი ბაბუის გამოკითხვის შემდეგ, პოლიციაში დაიბარეს მათ მიერ ჩვენებებში მითითებული პირიც. მამაკაცმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემდა, რისი უფლებაც მას კანონით ჰქონდა. ამის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში აღარ დაუბარებიათ და არც გამოუკითხავთ.

„ვიდრე ჩემს შვილს პოლიციაში წამოიყვანდნენ, უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმის შვილებმა. წიხლის ქვეშ აგორავეს პატარა გოგო, რატომ შეგვარცხვინეო. ეს ყველაფერი ბავშვმა მომიყვა.

ძლივს გამოართვეს - ბავშვი შემოგაკვდება და ციხეში ჩაჯდებიო. მანქანაში, გზაში სულ მუშტებით ემუქრებოდნენ, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. იმ დღეს სცემეს მარტო. მერე ხელი ვერ დააკარეს, პოლიაციამ გააფრთხილა. ამის შემდეგ თბილისში წაიყვანეს ექსპერტიზაზე, რომ შეემოწმებინათ, გაუპატიურებული იყო თუ არა. მეორე დღეს, ბავშვი ტელეფონით რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა - დედიკო, თავზე ხელს ვერ ვიკარებ, თავი მტკივა, ბალიშზეც ვერ ვდებო“, - იხსენებს გარდაცვლილის დედა, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გოგონას სიკვდილის შემდეგ ჩამოვიდა, თუმცა ქმრის ოჯახში მისვლის ნებას არ აძლევენ.

პოლიციისთვის მიმართვიდან ზუსტად 2 თვის შემდეგ, 2021 წლის 8 თებერვალს, გოგონას ბაბუამ გამომძიებელს დაურეკა იმის გასარკვევად, რატომ არ აკავებდნენ მოძალადეს.

„ბავშვმა თვითონ ამიკრიფა გამომძიებლის ნომერი. ღელავდა, რით ვერ ჩამოვიდაო ექსპერტიზის დასკვნა. გამომძიებელმა მითხრა, ერთი დოკუმენტი მივიღეთ, მეორე ჯერ არაო. რად უნდოდა ამდენი ხანი. მე სამუშაოდ წავედი, დილა იყო. როცა დავბრუნდი, ბავშვი ჩამოკიდებული დამხვდა“.

დედა ადასტურებს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონა მასაც ესაუბრა: „როცა დამირეკეს, შენი გოგო გარდატეხის ასაკშია და შეცდომებს უშვებსო, მე ვუთხარი, შვილებს დედა სჭირდებათ, ეგ ბავშვი მაინც მომეცით და ბიჭი თქვენთან იყოს მეთქი. ჩემი მამამთილი და მისი ძმის შვილები წინააღმდეგები იყვნენ. ბავშვებთან ურთიერობის უფლებასაც არ მაძლევდნენ. ჩემი შვილი ბოლოს ერთი კვირის წინ რომ მელაპარაკა, მაშინ მითხრა, ბაბუა ნასვამი იყო და ხელი გამარტყაო სახეში. ვიდრე ბავშვი თავს მოიკლავდა, წინა დღეს მელაპარაკა სოციალური მუშაკი, რომ ნებას მრთავდნენ ჩემთან წამოსულიყო. უკვე ვამზადებდი მოწვევას და სხვა საბუთებს. გოგონა ბედნიერი იყო - დედი, შენთან წამოვალ, ერთად ვიქნებითო. რამ გადააწყვეტინა რომ თავი მოეკლა, არ ვიცი“.

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა. 1997 წელს დაბადებულ ნ.ტ-ს ბრალად ედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევაში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის მშობლები ბავშვზე ძალადობაში ბაბუას ადანაშაულებენ: „გოგო ჩვენს შვილს შველას სთხოვდა - ბაბუა როცა დათვრება, მცემსო. რადგან არასრულწლოვანი იყო, შევთავაზეთ, რომ დაგვენიშნა და სრულწლოვანი როცა გახდებოდა, ჩვენი შვილი ცოლად მოიყვანდა, მაგრამ ოჯახმა უარი გვითხრა“.

ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი შავაძის თქმით, გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულებები რომ ჰქონოდა, ბავშვის გარდაცვალებამდეც დააკავებდნენ: „როცა მასზე ეჭვი მიიტანეს, დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე, ბიჭმა გოგონასთან კონტაქტი შეწყვიტა, მაგრამ

პოლიციას უთხრა, რომ ბავშვი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდან ძალადობის ქვეშ იყო, მაგრამ გოგონა ბოლომდე იმ ოჯახში ცხოვრობდა და არსად გაუყვანიათ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ განმარტავს, რატომ დააკავეს სავარაუდო მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა? ჰქონდა თუ არა ბავშვს სხეულის დაზიანებები ან ძალადობის სხვა ნიშნები დეკემბერში, როცა პოლიციას პირველად მიმართეს? თუ ჰქონდა, რატომ არ გამოიძიეს და პასუხისგებაში არ მისცეს ყველა ის პირი, ვინც ბავშვზე ფიზიკურად იძალადა? რატომ გაჭიანურდა ექსპერტიზის დასკვნის მიღება, რაც საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად მთავარი მტკიცებულებაა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყვიტა. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება.

ქობულეთის იმ სოფლის სკოლაში, სადაც გოგონა ცხოვრობდა, სწავლა საკლასო ოთახებში 1-ელ თებერვალს განახლდა. გოგონა სკოლაში არ მისულა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვს დაუკავშირდნენ. მისგან გაიგეს, რომ ბაბუას კბილის ექიმთან დაჰყავდა ბათუმში.

„ეს ნამდვილად უდიდესი ტრაგედიაა. ორი წლის წინ, როცა ჩვენ ბავშვის უფლებათა კოდექსი შემოვიღეთ, სამინისტროს ფარგლებში ცალკე შეიქმნა ზრუნვის სააგენტო, რომელიც მიმართულია ბავშვის დაცვაზე და იმ პირობებში, როდესაც ვძენთ მრავალფეროვნებას ბავშვზე ზრუნვის სერვისებს, ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ჩვენ ყველა, თითოეულ ბავშვთან ვერ მივდივართ და შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდა. ბავშვი სახელწიფო მზრუნველობაში არ იმყოფებოდა, ნათესავებთან ცხოვრობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და მხარდამჭერი გამაძლიერებელი სერვისებით.

მიგვაჩნია, რომ სერვისები, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იცოდნენ, სად ეძებონ ინფორმაცია და დახმარება.

პირველი და მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებით ვითარდება, იქმნება სპეციალიზებული ცენტრი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით, მოხდება როგორც გამოძიების, ასევე, მხარდამჭერი სერვისების მიწოდება, რომელიც ტრავმაგამოცდილ ბავშვს სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობას.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს.

2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება.

იგივე პერიოდში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]