აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრის მიზნით მერიის შენობაში შესვლა გადაწყვიტეს. პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
„წინააღმდეგობა იყო კატასტროფულად დიდი პოლიციის მხრიდან. ოთხმაგი, ხუთმაგი კორდონი იდგა. კარებთან ახლოს არ მიგვიშვეს და უსასტიკესად იძალადეს. დაკავებულები არიან ჩვენი თანამებრძოლები“, – განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა კახა კვეკვესკირმა.
კითხვაზე, რას აპროტესტებდნენ მერიის შენობასთან, აქტივისტმა თქვა, რომ პანდემიის პირობებში, კომენდანტის საათის დროს, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა კოლეგებთან ერთად რესტორანში იქეიფა.
„როცა მერი აშავებს და მოქალაქეებს სჯიან, არის უსამართლობა. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის მერმა ამ პოლიტიკურ რეგულაციების დროს, ანუ კომენდანტის საათის დროს, გაახსნევინა რესტორანი, თავის კოლეგებთან ერთად იქეიფა და წავიდა სახლში. ვკითხულობთ, რატომ იქცევა ასე ხელისუფლება და რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს უფლებას, მოიქცნენ ზუსტად ისევე. მე, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, კონსტიტუციით მაქვს უფლება, ნებისმიერ ქალაქში შევიდე ქალაქის ადმინისტრაციის უფროსთან. როცა ისმის კითხვები, ნებისმიერი ჩინოვნიკი ვალდებულია პასუხები გასცეს“, – აღნიშნა კვეკვესკირმა.
აქცია ქუთაისის მერიასთან დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.