weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

14:31 შაბათი, 13 თებერვალი 2021

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ 24 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.

სასამართლო სხდომა დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს და სქესობრივ დანაშაულს ეხება.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ პროკურატურას დაკავებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს. დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

„თექვსმეტ წელს მიუღწეველ პირთან სხეულში შეღწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ არ ჰქონდათ, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ არ ჰქონდათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა ბავშვის ასაკი, ამიტომ ვერ აკავებდნენ. როცა ბავშვი გარდაიცვალა, მაშინ შეეცადნენ ირიბი მტკიცებულებების მოპოვებას.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, დედის განცხადებიდან გამომდინარე, რომ ბავშვს აღენიშნებოდა დაზიანებები და სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა არ მოახდინეს სათანადო რეაგირება, ბავშვი არ გაიყვანეს იმ გარემოდან, სადაც შესაძლოა მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი 9 თებერვალს ჩამოიხრჩო. ორი თვით ადრე მან პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ 24 წლის მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა და მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა.

პროკურატურის მტკიცებით, 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა რომ გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგაც მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა.

„აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა“, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ არასრულწლოვანს მისმა ნათესავებმა, კერძოდ, ბაბუის ძმის შვილებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

ამ თემაზე:

14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა - ახალი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]