weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სოციალურმა მუშაკმა იცოდა, რომ 14 წლის გოგონა თავის მოკვლას აპირებდა“

11:26 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

სოციალური მუშაკი ინფორმირებული იყო, რომ ქობულეთის რაიონის ერთ-ერთი სოფელში მცხოვრები 14 წლის გოგონა თავის მოკვლას აპირებდა. გოგონას დედის თქმით, ამის შესახებ მას სოციალურ ქსელში თვითონ შეატყობინა და სთხოვა, ბავშვს დახმარებოდა. იმ პერიოდში მოზარდის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა.

„ბავშვი მეხვეწება, დედიკო მიშველეო. მე ამხელა გზიდან რა გავაკეთო. თავს მოვიკლავო, იძახის“, - ნათქვამია გოგონას დედის მიერ სოციალური მუშაკისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. მანამდე დედამ სოციალურ მუშაკს მიწერა, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ.

გოგონა სახლში ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. უფროსი და დაოჯახებულია და მეუღლის სახლში ცხოვრობს. დედა კი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. მას მშობლის უფლებები ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მამამთილის მოთხოვნით შეუზღუდეს.

„თუ ზეწოლას განიცდის, ეს უკვე ძალადობაა და პოლიციას უნდა მიმართოს და ჩამოვიდეს სოციალურ სამსახურში. უპირველესად მშობლის უფლებები უნდა აღიდგინოთ. ხომ აგიხსენით, ჩამოვიდეს და ავუხსნი მასაც. აქ ნუ მწერთ, ფეისბუქი მაქვს პირადი მიმოწერისთვის“, - დედის მიერ ნაჩვენები მიმოწერის მიხედვით, ასე უპასუხა მას სოციალურმა მუშაკმა.

14 წლის გოგონამ თავი 9 თებერვალს მოიკლა. ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ. ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს. 24 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ 10 თებერვალს, მას შემდეგ დააკავა, რაც მსხვერპლმა თავი მოიკლა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბერში, როცა ნათესავებმა გოგონას გაუპატიურების შესახებ პირველად გაიგეს, ვიდრე პოლიციას მიმართავდნენ, ბავშვს სასტიკად სცემეს.

„ჩემი მამამთილის ძმის შვილებმა სცემეს. წიხლის ქვეშ აგორავეს პატარა გოგო, რატომ შეგვარცხვინეო. ეს ყველაფერი ბავშვმა მომიყვა. ძლივს გამოართვეს ბავშვი, შემოგაკვდება და ციხეში ჩაჯდებიო.

მანქანაში, გზაში სულ მუშტებით ემუქრებოდნენ, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. იმ დღეს სცემეს მარტო. მერე ხელი ვერ დააკარეს, პოლიაციამ გააფრთხილა. ამის შემდეგ თბილისში წაიყვანეს ექსპერტიზაზე, რომ შეემოწმებინათ, გაუპატიურებული იყო თუ არა. მეორე დღეს, ბავშვი ტელეფონით რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა - დედიკო, თავზე ხელს ვერ ვიკარებ, თავი მტკივა, ბალიშზეც ვერ ვდებო“, - იხსენებს გარდაცვლილის დედა.

მისივე თქმით, გოგონას თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა, სოციალური მუშაკის თანხმობით ბავშვის თურქეთში წასაყვანად დოკუმენტებს ამზადებდა, რაც გოგონას ძალიან უხაროდა: „ბედნიერი იყო - დედი, შენთან წამოვალ, ერთად ვიქნებითო. რამ გადააწყვეტინა რომ თავი მოეკლა, არ ვიცი“.

14 წლის გოგონას ბაბუა მიიჩნევს, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა. „ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო, გამოისყიდა და დამთავრდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში. გოგონა დღეს დაკრძალეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გოგონას მიმართ ძალადობის სხვა შესაძლო შემთხვევებსაც იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]