weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ჯვარი დაპირისპირების საბაბად აქციეს – მეუფე იოანე

19:06 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებით, რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ეკლესიასთან მიმართებაში არასწორი გზა აირჩიეს და რამდენიმე თვის წინ, კურთხევის გარეშე, თვითნებური მოქმედება დაიწყეს.

„სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. მათი თხოვნით, გელათის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მოვიწვიეთ ეპარქიის სამღვდელოება. მოვისმინეთ აქტივისტთა ექსპერტების საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაგვეგო საფუძვლიანია თუ არა მათი მოსაზრებები მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, ვითხოვეთ მათგან გეომორფოლოგიური მონაცემები რიონის ხეობაში მეწყრული ზონების შესახებ, ასევე, ბოლო ათეული წლის ჰიდროდინამიკური დაკვირვებები და მექვენა-ჟონეთის ზონაში სეისმური აქტივობის ცნობები ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე.

პასუხად, კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ“, – აცხადებს მეუფე იოანე.

მიტროპოლიტის განმარტებით, უფალმა ჯვარი მოთმინებით და მორჩილებით იტვირთა, არა პროტესტით. მისივე თქმით, ჯვარი კურთხევით აღიმართება იქ, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი, ან იმ ადგილას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით არის გამოყოფილი მისთვის.

„კურთხევა ამ შემთხვევაში ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ სრულდება. მის გარეშე თვითნებურად აღსრულებული კურთხევა, ეკლესიის კანონის თანახმად, ბათილად ჩაითვლება.

სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა იწვევს სექტანტობას. თვითნებობა არის ძალადობა ეკლესიის სამართალზე, მისი იგნორირებაა და დაპირისპირება უფალთან. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე.

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის.

თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა.

ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია მეთქი. გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ეხლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს.

სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს.

ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება.

დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ, სწორი გზა ვიპოვოთ, რაც სათნო იქნება ღვთისათვის“, – ამბობს მიტროპოლიტი.

რიონის ხეობის სოფლების მცხოვრებთა ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. გასული წლის 29 ოქტომბერს მათ ჯვარი აღმართეს კაშხლის სამშენებლო ტერიტორიაზე, რომელიც სასულიერო პირებმა აკურთხეს. 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, პოლიციის დაცვით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კომენდანტის საათის დროს, ჯვარი მოთხარეს და ქუთაისში ეკლესიის ეზოში გადაიტანეს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ჯვარი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. მანამდე, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემაც უთხრა, რომ ჯვარი კურთხევის გარეშე იყო აღმართული.

მეუფე იოანესგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ცაგერისა და ლენტეხისა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ჯვრის აღმართვის სურვილი ექნება, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ჯვარი აღმართოთ და მღვდლები აკურთხებენ. დიახ, ჯვარი არის ჩვენი დასაცავი. ჯვარი არის ჩვენი მფარველი. ჯვარი არის ჩვენი იარაღი. როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები თავს ვიცავთ ჯვრით და მადლობა უფალს, დავიცავთ ბოლომდე“, – თქვა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

 

ამ თემაზე:

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]