weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაკავებულმა ბაბუამ აღიარა, რომ 14 წლის გოგონას სცემა და მოკვლით დაემუქრა

21:12 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაღუპული 14 წლის გოგონას ბაბუას, 76 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ დააკავეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ბაბუამ - ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

„დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

გოგონა სახლში ბაბუასთან და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვებს მამა ადრე დაეღუპათ. უფროსი და დაოჯახებულია და მეუღლის სახლში ცხოვრობს. დედა კი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. მას მშობლის უფლებები ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მამამთილის მოთხოვნით შეუზღუდეს.

თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ. ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს. 24 წლის მამაკაცი პოლიციამ მხოლოდ 10 თებერვალს, მას შემდეგ დააკავა, რაც მსხვერპლმა თავი მოიკლა.

პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ 2020 წლის დეკემბერში, როცა ნათესავებმა გოგონას გაუპატიურების შესახებ პირველად გაიგეს, ვიდრე პოლიციას მიმართავდნენ, ყოფილი მამამთილის ძმის შვილებმა ბავშვს სასტიკად სცემეს. დედის ინფორმაციით, ბოლო საუბრის დროს შვილმა ისიც უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბაბუამ სახეში ხელი გაარტყა.

14 წლის გოგონას ბაბუა მიიჩნევდა, რომ მისმა შვილიშვილმა თვითმკვლელობით დანაშაული გამოისყიდა. „ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო, გამოისყიდა და დამთავრდა“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]