როგორც სასულიერო პირი ამბობს, გულდასმით გაეცნო უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს.
„საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.
იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა.
გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ“, – აცხადებს ეპისკოპოსი მელქისედეკი.
ეპისკოპოსის თქმით, მისი ახალგაზრდობის პერიოდი 90-იან წლებს და ემთხვა და დღემდე ახსოვს ის საშინელი შედეგი, რაც საქართველოს საზოგადოების პოლარიზებამ მოუტანა.
„მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან. ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს“, – ამბობს ეპისკოპოსი.