შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ.. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2020 წლის 23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მძღოლიც, 3 კი მძიმედ დაშავდა. ავარიის ადგილას მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, გამოძახებიდან 1.5 - 2 საათის შემდეგ მივიდნენ.
აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსს სახელმწიფო ნომრით YTY – 248, რომელიც ტურის მონაწილეებს ემსახურებოდა, სავალდებულო ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა.
ამ თემაზე:
17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე