weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13:38 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია. სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.

საქართველოში პირველად, აჭარაში მცხოვრები 24 ჯარას თაფლის მწარმოებელი მეფუტკრე, მათ შორის, გოდერძის ალპური ბაღის საფუტკრე, ბიო სერტიფიკატის მფლობელია და თაფლს სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს.

ჯარას თაფლი იყიდება კარფურის, გუდვილისა და ევროპროდუქტის ქსელებში. 2020 წელს ჯარას თაფლი ექსპორტზე კანადასა და აშშ-ში გავიდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ მიმართა.

„ჯარა“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მთიან აჭარაში კინოდოკუმენტალისტმა ნიკა წიკლაურმა გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების თანაცხოვრება. ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა.

ფილმმა დოვილის საერთაშორისო ფესტივალის, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა. ფესტივალში ხუთასამდე ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქართულ პოლიფონიას; ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს; ცეკვა ფერხულს; ბერიკაობას; კახუი მრავალჟამიერს; მესხური ყველი ტენილის დამზადების ტექნოლოგიას; ქართულ ჭიდაობას; დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიასა და კულტურას; სვანური ხალხური საკრავის ჭუნირის დამზადების ტრადიციულ მეთოდს; სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგიას; „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას; ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს; ბაზიერობას (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა); ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა); ქართულ ხალხურ სამედიცინო ცოდნასა და მისი გამოყენების ტრადიციებს; „ქსნური ულამი - უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციას“ და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]