weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თამარ მეარაყიშვილს ადვოკატის დასაქირავებლად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება

23:22 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატის დასაქირავებლად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა მეარაყიშვილს პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებას ედავება.

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი მხარდაჭერისათვის. მე ვარ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული. დაცვისა და კომუნიკაციისთვის მჭირდება ფინანსური თანადგომა. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. ამის გარეშე მე ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება", - წერს თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალგორსა და ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის უფლებებს სავარაუდოდ ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი დაიცავს, რომლის მომსახურების ღირებულება 100 ათასი რუსული რუბლია (დაახლოებით 4 ათასი ლარი). საქართველოში მომუშავე ადვოკატებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვთ.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორში 16 აგვისტოს, საღამოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.

ცილისწამების მიზეზით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სპარტაკ დრიაევის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

საქმე ეხება, 27 აპრილს, რადიო "თავისუფლების" სამსახურის „ეხო კავკაზა“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც თამარ მეარაყიშვილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის მომხრეების მიერ თანამდებობების დაკავებაზე საუბრობს. მეარაყიშვილის თქმით, ბიბილოვის მხარდამჭერები ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის კადრების მასობრივი გათავისუფლებების მოლოდინში ღიად და მოურიდებლად ცდილობდნენ ამა თუ იმ სამსახურის თანამშრომლის უფლებამოსილების განხორციელებას. ერთ-ერთი ვინც ამ განცხადებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო სპარტაკ დრიაევია, რომელიც იმ პერიოდში ადგილობრივი სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა. პატივისა და ღირსების დასაცავად მან პროკურატურას მიმართა.

მეარაყიშვილის დაკავების შემდეგ, მილიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი ახალგორში. თამარ მეარაყიშვილი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მის მიმართ გამოძიება გრძელდება და ის ახალგორის პროკურატურაში 18 აგვისტოს არის დაბარებული.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, დეფაქტო ხელისუფლება მას სამოქალაქო აქტიურობის გამო ავიწროვებს. დაკავებამდე ერთი თვით ადრე მეარაყიშვილი ახალგორიდან გაიტაცეს. თვითმხილველების თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრობლებმა ის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მაშინ მეარაყიშვილი ერთი დღეღამის შემდეგ გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]