weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

21:22 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა ზაზა ჩაფიძემ პროტესტის ნიშნად სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ნინო მეფარიშვილი აცხადებს, პატიმარს ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, მაგრამ ციხის ადმინისტრაციას საავადმყოფოში არ გადაჰყავს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ პატიმარს საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს პროკურატურის დაკვეთით ეუბნებიან, რადგან სურთ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ 25 თებერვალს პატიმარმა მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე დაზიანებები მიიყენა, თუმცა სახელმწიფო უწყება უარყოფს ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სათანადო ყურადღება არ ექცევა.

„ბრალდებულის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომლის გათვალისწინებით დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით, ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას.

25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ზაზა ჩაფიძე პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოს მოათავსეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაზა ჩაფიძემ 2020 წლის 9 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს მომხდართან კავშირი არ აქვს, მკვლელობა კი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს და დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]