weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში 24 წლის კაცის დევნისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

23:25 პარასკევი, 26 თებერვალი 2021
ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

ზუგდიდში „ოქროს ბირჟის“ დაყაჩაღების შემდეგ დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორმხრივი სროლის შემდეგ თავდამსხმელი, 24 წლის მამაკაცი პოლიციელებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება.

„ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი „ოქროს ბირჟაზე“ შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა, „ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე“.

„შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზები ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]