როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან კარავი პირველად გაშალა ბევრი უსამართლობა მოხდა.
„გავრილოვის პატიმრები - გიორგი რურუა, ნიკა მელია, რომელიც უსამართლოდ, შიშის გამო დაიჭირეს. ყველა უსამართლობას ერთიანად ვაპროტესტებთ. დაგვარბევენ და დაშლიან კარვებს? კიდევ დავდგამთ, კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი იქნება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე კარვები გუშინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შემდეგ გაიშალა. კარვებში ოპოზიციური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და რეგიონებიდან ჩასული ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აქტივისტების ნაწილი ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევს ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრება.
2 მარტს ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ, ხოლო 5 მარტს – მთავრობის ადმინისტრაციის. დაგეგმილია აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც.
საპროტესტო აქციების გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააპატიმრეს.