მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
წმინდა სახარების მიხედვით, წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს, იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომლებიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა. ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. სახარების თანახმად, მაცხოვარმა ფერიცვალება ინება იმისთვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნესთვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა.
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.