weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ კომპანია არ გავა, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას – აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

14:13 კვირა, 28 თებერვალი 2021
ფოტო © Tatuli Chubabria / Facebook ფოტო © Tatuli Chubabria / Facebook

ქუთაისის ცენტრში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა და დაატოვებინოს ხეობა ინვესტორ კომპანიას, შპს „ენკა რინიუებლზს“.

„თუ იქამდე მივა საქმე, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, რაც ახლა ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ხდება, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს - ჩვენსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების, ჩვენსა და აი, ამ თურქულ კომპანიას შორის დაპირისპირების. ჩვენ ჩავთვლით, რომ ისინი გადმოდიან იერიშზე, არ ითვალისწინებენ ქართველი ხალხის პოზიციას და დავუპირისპირდებით შესაბამისად. არც ვინმეს ვაშინებთ, არც დესტაბილიზაციისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ორი კვირის შემდეგ საპროტესტო აქცია ისევ გაიმართება.

„თუ არ გაითვალისწინეს ის, რაც აქ ხდება, ორი კვირის ვადაში ისევ დავთქვამთ ფართომასშტაბიან შეკრებას, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას. დავაყენებთ მანქანებს აქ და მივატოვებთ, წავალთ სახლებში. ნუ გვაიძულებენ ამას, ვერ გადაგვაჭარბებენ ძალით. უკვე ბევრი ვართ.

ბევრი თქვენთაგანი დღეს სახლებში წავა, მაგრამ ჩვენ, ვინც 126 დღეა ნამოხვანში ვართ, ისევ იქ ვბრუნდებით. ჩვენ ხვალიდან უნდა დავიწყოთ გაფართოებული ჯგუფების მორიგეობა ნამოხვანში, რათა არავის ეგონოს, რომ კომპანია შეძლებს სამუშაოების წარმოებას.

პირადად მე, პოლიციას ვუთხარი და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა, რომ ის 80-100 კაცი, რომელიც დავრჩებით დღეს ნამოხვანში, მივალთ კარვების ადგილზე მშვიდობიანად და იქ არავინ არაფერს გააფუჭებს, მაგრამ თუ ხვალ დილით კომპანია ისევ გადაწყვეტს, რომ ააგრიხინოს თავისი ტრაქტორი, რომელიც ჩვენთვის ტანკია, მაშინ ჩვენ გადავუდგებით და ჩავთვლით, რომ ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ. ამის შემდეგ საჭირო იქნება ისევ თქვენი აქ მობილიზება და იქამდე დავრჩებით, სანამ ერთ საათში არ გვეტყვიან, როდის გადის კომპანია. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

წყალტუბოს და ცაგერის სოფლების მცხოვრებლები ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციას გასული წლის 25 ოქტომბრიდან მართავენ. ადგილობრივებს ქვედა ნამოხვანის კაშხლის მშენებლობის ადგილას სადღეღამისო მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული. პოლიციამ საპროტესტო აქცია ორჯერ დაშალა. 31 იანვარს, გვიან ღამით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგლიჯეს აქციის მონაწილეების მიერ კაშხლის მშენებლობის ადგილას აღმართული და სასულიერო პირების მიერ ნაკურთხი ჯვარი. ბოლოს პოლიციელები აქციის მონაწილეებს ნამოხვანსა და ჟონეთში შეკრების უფლებას აღარ აძლევდნენ. პოლიციის განმარტებით, საპროტესტო ტერიტორია „ენკას“ კერძო საკუთრება იყო. აღმოჩნდა, რომ რიონის ხეობაში 576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - მთავრობას „ენკა რინიუებლზისთვის“ გადაუცია.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

„ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს. კომპანია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ სულ მცირე 15 პირობას არღვევს, რომელთა შესრულებაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყო სავალდებულო. „ენკას“ ამ დრომდე არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს. არადა, ნამახვანის ჰესების კასკადი გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან 10 მეწყრული ზონაა სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე. „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იძულებული გახდა ნამახვანჰესის ტერიტორია შეემოწმებინა და „ენკას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეედგინა. სამართალდარღვევას წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო 10 მარტს განიხილავს. 

ამის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა აცხადებს, რომ რიონის ხეობაში „ენკამ“ საქმიანობა სრულიად კანონიერად განაახლა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. ეს არის 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. 10 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]