weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

თუშეთის სოფლების განაშენიანების გეგმა მზად 2018 წლის მაისში იქნება

11:00 შაბათი, 19 აგვისტო 2017
თუშეთის სოფლების განაშენიანების გეგმა მზად 2018 წლის მაისში იქნება ფოტო © გიორგი ნიკოლავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაზე შპს „სტუდია 21“ მუშაობს. პროექტი მოიცავს თუშეთის დასახლებებს - ომალოს, დართლოს, ფარსმას, გირევს, დოჭუს, ჯვარბოსელს, შენაქოს, დიკლოს, ინდურთას, ეთელთას და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ზემო და ქვემო ალვანს.

სამუშაოებს არქიტექტორი გია აბულაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სივრცითი მოწყობის გეგმით განისაზღვრება როგორ უნდა განვითარდეს თუშეთი.

„ამაში შედის როგორც სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ისე სოციალური, კულტუროლოგიური საკითხები და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, პრაქტიკულად გზამკვლევი იმისთვის, რომ დაწყებული ცენტრალური მთავრობიდან და დამთავრებული მუნიციპალიტეტით, ყველამ მიიღოს თავისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას ექნება სწორი მოქმედების, სწორი განვითარების საშუალება, რომელშიც არ იქნება დარღვეული არცერთი პარამეტრი. ეს იქნება გარემოსდაცვითი საკითხები, არქიტექტურული საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის თემები თუ ა.შ“, – აცხადებს გია აბულაძე.

სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც მთავრობის დაკვეთით მზადდება, 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება იმ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ზემო ომალოსა და თუშეთის სხვა სოფლებში ახლა მიმდინარეობს და თუშურ არქიტექტურას არ შეესაბამება, გია აბულაძე ამბობს: „მთელი ჩემი ბავშვობა ვერ ვიგებდი ერთ არაკს, კაცი რომ ზის ტოტზე და იმ ტოტს რომ ჭრის. არ მესმოდა ლოგიკა. დღეს რა პროცესებიც მიდის ამ სოფლებში, რა სახლებიც შენდება, როგორი ტიპის სახურავითაც იხურება, ეს ძალიან მაგონებს სწორედ ამ არაკს - ეს ხალხი ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ის ზის.

ეს არის კომპლექსური საკითხი. ერთია რომ ინფორმაცია არა აქვთ, მეორეა რომ აქედან წვდომა ძალიან რთულია, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, იქ, თბილისში რომ მიაგნო. 2-3 დღის წინ გადაწყდა, რომ ნებისმიერი მსურველი, ვისაც აქ სახლის აშენება მოესურვება, აღარ მოუწევს არც თბილისში ჩასვლა და ვფიქრობ, არც ახმეტაში. აქვე იქნება კომპეტენტური არქიტექტორების ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ და დაეხმარებიან. თუ თვითონ ვერ გაწვდებიან, მოიწვევენ სხვა სპეციალისტებს იმისთვის, რომ შეადგინონ სწორი პროექტები. ჩვენ ვეცდებით რომ ეს წელს, ამ სეზონზე ამუშავდეს, თუ არა მომავალი წლიდან აუცილებლად. სივრცითი მოწყობის გეგმით ჩვენ იმ მექანიზმსაც მოვიფიქრებთ, რა ვუშველოთ ამისთანა სახლებს“.

დაახლოებით ერთი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, თუშეთის სოფელ ომალოში მიმდინარე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სააგენტო კერძო მესაკუთრეებისგან, რომლებიც სახლებს აშენებენ, ითხოვს, ორი თვის ვადაში სააგენტოდან მოიპოვონ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და ამის შემდეგ, ორ თვეში უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები ნებართვით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

წერილში აღნიშნულია, რომ გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12 000 ლარით. დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი ძეგლის მესაკუთრეს ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში 21 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 36 ათასი ლარია.

თუშეთში, სოფლებს - დართლოს, ზემო ომალოს და დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, ამ სოფლებში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია კანონით აკრძალულია. ახლადაშენებული შენობების უმეტესობა შეუსაბამოა თუშურ არქიტექტურასთან და მთლიანად ამახინჯებს ძეგლის პირვანდელ იერსახეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]