„კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას შესანახად სჭირდება განსაკუთრებული პირობები, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შესაბამის დაწესებულებებს ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთან შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ მაცივრის საშუალებით, კახეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაცივარი თელავშია და მისი ტევადობა ისეთია, რომ კახეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა შეგვიძლია შევინახოთ“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.
„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა ეს პროცესი გადაიდო. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით გადავადების მიზეზი „ფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება გახდა. ვაქცინის მოწოდების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახებოდა, სადაც შესაძლებელია ვაქცინისთვის ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმის (მინუს 70-80 გრადუსი) უზრუნველყოფა. „ფაიზერის“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა.