weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ აშენებას ეწინააღმდეგებიან

17:25 ორშაბათი, 08 მარტი 2021 hits 747
დალი ფირანიშვილის ფოტო დალი ფირანიშვილის ფოტო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგზე 23.556 მგვტ დადგმული სიმძლავრის „კამარა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. შპს „კამარა ენერჯიმ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე წარადგინა პროექტის წინასწარი დოკუმენტი (სკოპინგის ანგარიში) და უწყებისგან დასკვნას ელოდება.

თერგის ხეობის სოფლების მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით გარემოს დაცვის მინისტრს წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნავენ, რომ პროექტი ჩაკლავს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას და ზიანს მიაყენებს ტურიზმის სექტორს, რაც ყაზბეგის მოსახლეობის ძირითადი საარსებო წყაროა.

„ჰესის მშენებლობა დაგეგმილია ყაზბეგის რაიონის სოფლების: ყანობის, ხურთისის, ფხელშეს, გორისციხის და ტყარშეტის მიმდებარედ და ასევე, მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა სოფელ აჩხოტამდე.

მსგავსი ჰესების და ელ.გადამცემი ხაზების მშენებლობის მწარე გამოცდილება მუნიციპალიტეტს უკვე გააჩნია, კერძოდ დარიალის, ხდის და ლარსი ჰესების და ამ ჰესებიდან სნოს ხეობისკენ გადაჭიმული 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების სახით. აღნიშნულმა პროექტებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტი, ვინაიდან სრულებით დაამახინჯა ულამაზესი დარიალისა და სნოს ხეობები.

დამატებითი ჰესებისა და გადამცემი ხაზების აშენება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და ტურისტებისთვის მუნიციპალიტეტს ნაკლებად მიმზიდველს გახდის“, – ნათქვამია ადგილობრივების წერილში.

შპს „დაბლიუიჯი ენვი კონსლატინგის“ მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურის პროექტი და მისი ექსპლუატაცია დამყარებული იქნება მდინარის ჩამონადენი წყლის ნაკადზე (კალაპოტის ჰესი), მდინარის ჩამონადენი ნაკადის რეგულირების გარეშე. „კამარა ჰესის“ შემადგენელი ინფრასტრუქტურული ობიექტებია: დამბა, წყალმიმღები, წყალსაცავი, სადაწნეო არხი, გვირაბი, სადაწნეო მილი, ჰიდროელექტროსადგურის შენობა, წყალსატარი არხი. ჰესის წყალმიმღები განლაგებული იქნება სოფელ ყანობის ახლოს, მდინარე თერგის ვიწრო ხეობის მახლობლად და უახლოესი ავტომაგისტრალზე არსებული ხიდიდან 160 მეტრის მანძილზე მდინარის დინების მიმართულებით. ჰიდროელექტროსადგურის შენობა განლაგებული იქნება თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ გარბანში. წყალსატარი მილის სრული სიგრძე სალექარი აუზიდან გვირაბამდე 2838 მეტრი (შიდა დიამეტრი 3 მ) იქნება, გვირაბის სიგრძე დაახლოებით 4245 მეტრს (შიდა დიამეტრი 3.80 მ) შეადგენს, ხოლო სადაწნეო მილის სიგრძე დაახლოებით 211 მეტრი იქნება (შიდა დიამეტრი 2.40 მ)

 ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

პროექტის ავტორების განცხადებით, „კამარა ჰესის“ აშენება წვლილს შეიტანს ქვეყნის ყოველწლიურად ზარდი ენერგიის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, შეიქმნება სამუშაო ადგილები – მშენებლობის დროს დასაქმედება 100-დან 300-მდე ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციის დროს – 14 . პროექტის ავტორების განცხადებით, კამარა ჰესის გენერაცია იქნება 96.75 გვტ-სთ/წელიწადში. დაშვების მიხედვით, საქართველოს ელექტროსისტემას წელიწადში 8 თვის განმავლობაში კილოვატ-საათი ელექტროენერგიას 5.8 აშშ ცენტად მიყიდიან, ხოლო დანარჩენ 4 თვეში სავარაუდოდ - 4.58 აშშ ცენტად, იმის მიუხედავად ენერგია საქართველოში გაიყიდება თუ მოხდება მისი ექსპორტი.

სკოპინგის ანგარიში გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ“ გაანალიზა და ძალიან დაბალი ხარისხის დოკუმენტად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშის სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამის გამო დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეუძლებელია რეალური ზეგავლენის დადგენა და იმაში დარწმუნება, რომ საქმიანობა არ იქონიებს შეუქცევად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

„სკოპინგის ანგარიში არ მოიცავს „სრულ“ პროექტს. არაფერია ნათქვამი ჰესთან ასოცირებული ინფრასტრუქტურის ზემოქმედების შესახებ (ელექტროგადამცემი ხაზი და მათი ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, ლანდშაფტზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ პირობებზე).

დოკუმენტის თანახმად, საქმიანობის განხორციელება იგეგმება (გვირაბის გაყვანის სამუშაოები) ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით. დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს აქტიური ვულკანის ფერდობზე. ასევე არ არის განხილული, რა ზეგავლენას მოახდენს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები და მდინარის კალაპოტში მისი 10%-ის დატოვება რეგიონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ბუნებრივ რესურსზე და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველ პროდუქტზე - მჟავე წყლებზე.

დოკუმენტში საერთოდ არ არის განხილული ვიზუალურ ლანდშაფტური ზემოქმედება ჰესის ექსპლუატაციის დროს, ანუ გარემოს/ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურება, რომელიც გამოწვეული იქნება ჰესის სტრუქტურებით, გადამცემი ხაზებით და ბოძებით, ასევე მდინარის დაშრეტით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზემოქმედება, რაც მთლიანად ცვლის პეიზაჟს და აუფასურებს ტურისტულ ღირებულებას“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაციის შეფასებით, სკოპინგის ანგარიშში ისტორიულ-კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე ზემოქმედების რისკები არასათანადოდაა შეფასებული და სიმართლეს არ შეესაბამება ანგარიშის ავტორთა განცხადება, რომ „საპროექტო დერეფანში ხილული ისტორიული ძეგლები არ ფიქსირდება“.

„დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების და ჰესის ნორმალური ოპერირების პირობებში ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მაღალი რისკები მოსალოდნელი არ არის. ძირითადი სამუშაოების წარმოების ტერიტორიიდან (სამშენებლო მოედნებიდან) ადგილობრივი მოსახლეობა დაშორებულია მნიშვნელოვანი მანძილით, რაც თავისთავად ამცირებს ნეგატიური ზემოქმედებების რისკებს მოსახლეობაზე“. სინამდვილეში, სოფელი გარბანი 100 მეტრითაა ჰესის შენობასთან დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ მაცხოვრებლებს მუდმივად შეაწუხებთ აგრეგატების ხმაური ჰესის ექსპლუატაციის დროს. ძლიერი იქნება ზემოქმედება მშენებლობის პროცესშიც“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა.

ორგანიზაციის აღნიშნავს, რომ სკოპინგის ანგარიში ეყრდნობა სრულიად მოძველებულ ჰიდროლოგიურ მონაცემებს, იქთიოფაუნისა და მასზე პროექტის ზემოქმედების შესახებ კი აბსურდული ინფორმაციაა მოცემული.

„სრულიად ანეგდოტურია თავი 4.3.3. „ეკოლოგიური ნაკადის შეფასებისთვის გამოყენებული მეთოდი“, რომელიც სულ სამ სტრიქონს შეადგენს: „ტენიანი გარემოს მეთოდის შესაბამისად ეკოლოგიური ნაკადი უტოლდება წყალშემკრები აუზის ნაწილში მდინარის საშუალო მრავალწლიანი ჩამონადენის ნაკადის ოდენობის 10%-ს. მოცემული პროექტისთვის ეკოლოგიური ნაკადის ოდენობა არის 1.53 მ3/წმ“. არანაირი მეთოდი აქ არ არის არათუ დასაბუთებული, არამედ ნახსენები; არ არის მითითებული არანაირი ლიტერატურა. ნათელია, რომ გამოყენებულია ცნობილი საბჭოთა, „სანიტარული ხარჯის“ მიდგომა, რომლის შედეგადაც დეგრადირებულია ყველა მდინარე, რომელზეც კი ჰესი აშენებულა საქართველოში.

ასევე კურიოზულია თავი „5.2. საპროექტო ტერიტორიის ფაუნის მოკლე აღწერა“, სადაც საერთოდ არ არის განხილული ფაუნა და მასზე პროექტის ზემოქმედება. არათუ ზემოქმედება, საერთოდ, ფაუნის არც ერთი სახეობა ,არც ერთი ცხოველის სახელწოდება ნახსენებიც კი არ არის! თუმცა, სხვა მოცემული ინფორმაციაც არასწორია. მაგალითად, ავტორებს ჰგონიათ, რომ „მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 35 ცხელ წერტილი არსებობს“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაციის შეფასებით, ჰესის ექსპლუატაციის ეტაპზე ადგილობრივების დასაქმება უმნიშვნელო იქნება.

„რაც შეეხება მშენებლობის ფაზის დროს მოსალოდნელია 100-დან 300-მდე ადამიანის მუშაობას, ეს არ შეეფერება სინამდვილეს. როდესაც იმავე რეგიონში ერთად მიმდინარეობდა ლარსი-ჰესისა და დარიალ-ჰესის მშენებლობა (ორივეს კომპანია „ფერი“ აწარმოებდა), გზშ-ის ანგარიშების მიხედვით, დასაქმებული უნდა ყოფილიყო 350 ადამიანი. რეალურად კი ერთდროულად დაახლოებით 70 ადამიანი იყო დასაქმებული. ერთიდაიმავე სამუშაო ადგილზე სხვადასხვა ადამიანის დასაქმება წარმოდგენილი იყო, როგორც რამდენიმე ადამიანის დასაქმება“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“ და გარემოს დაცვის სამინისტროს ურჩევს, გამოიკვლიოს, რამდენი ადამიანის ცხოვრების დონე აამაღლა წინა წლებში განხორციელებულმა სამი ჰესის პროექტმა.

ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო უარყოფით დასკვნას გასცემს სკოპინგის ანგარიშზე „მისი უხარისხობის და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობის, ასევე წარმოდგენილი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობის, გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის გამო“.

„მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ „კამარა ჰესის“ სკოპინგის ანგარიშის ავტორები – მარიამ ქიმერიძე და მედგარ ჭელიძე აქტიურად უჭერდნენ მხარს „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობას და ამტკიცებდნენ, რომ ჰესი არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ იქონიებდა ბიომრავალფეროვნებაზე/გარემოზე, თუმცა, შედეგი სრულიად საპირისპიროა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]