weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

18:06 ორშაბათი, 08 მარტი 2021
ბერდია კალანდიას ფოტო ბერდია კალანდიას ფოტო

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანესა (კალაიჯიშვილი) და სასულიერო პირების შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მიტროპოლიტის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივანს ხის მოაჯირი მოსწყდა და იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, მოტეხილობები აქვს მათ ოპერატორს. დაშავებულია „ფორმულას“ თანამშრომელიც.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მარტვილში მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ დღეს მრევლი და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდნენ ჟურნალისტები. მათ მეუფისა და სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს!

მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

მიტროპოლიტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დიაკვნებმა წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

„მღვდელმსახურებაში მათი აღდგენის საკითხი განიხილება მხოლოდ მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში.

ბოლო გაფრთხილება ეძლევა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით, გამოცხადდა მსახურებაზე. მოვუწოდებ მას, დაემორჩილოს მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მასაც ავუკრძალოთ მსახურება.

მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, – ნათქვამია მიტროპოლიტის ბრძანებაში.

მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თებერვალში ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დანიშნეს და ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეპარქიაც დაუქვემდებარეს.

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა.

სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით, შეიქმნება მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას. ამასთან, სინოდის განცხადებით, მიტროპოლიტი „ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]