weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ენკას“ წინააღმდეგ საქმის განხილვა გადაიდო – კომპანია სასამართლოში არ გამოცხადდა

23:24 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021
მაკა სულაძე სასამართლოს დარბაზში - საიას ფოტო მაკა სულაძე სასამართლოს დარბაზში - საიას ფოტო

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში გაურკვეველი ვადით გადაიდო. სასამართლო სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

სამართალდარღვევის საქმის განხილვა დღეს, 10 მარტს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელი სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

„საიას ქუთაისის ფილიალის იურისტები და მოსარჩელე მაკა სულაძე გამოცხადდნენ სხდომაზე, თუმცა აღნიშნული პროცესი ნამახვანჰესის კასკადის მშენებელი კომპანიის მხრიდან არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. სასამართლოსთვის უცნობია მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რადგან კომპანია „ენკა რინიუებლზს“ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის არ წარუდგენია საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებით არც სხვა დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია ამ დროისთვის, რაც დაადასტურებდა მშენებელი კომპანიის მხრიდან იმ პირობების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა“, – აცხადებს საია.

საიას შეფასებით, „ენკა რინიუებლზი“ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებს.

„ენკა რინიუებლზის“ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 16 ოქტომბერს დაათვალიერეს ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია. ინსპექტირების შედეგად დეპარტამენტმა დაადგინა, რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ არა აქვს შესრულებული როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თხუთმეტი პირობა. თხუთმეტივე პირობის შესრულება მშენებლობის დაწყებამდე იყო სავალდებულო.

18 იანვარს, ანუ ინსპექტირებიდან სამი თვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798-ე მუხლის პირველი ნაწილით და განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, „ენკა რინიუებლზი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.

დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ინვესტორი კომპანია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოებს უკანონოდ ახორციელებს, გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინფორმაციის ორჯერ მოთხოვნის შემდეგ, 20 თებერვალს მიიღო. ამ დროისთვის თითქმის ოთხი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც „მწვანე ალტერნატივას“ მოთხოვნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებული ტერიტორია დაათვალიერა და „ენკა რინიუებლზის“ მხრიდან პირობების შეუსრულებლობა დაადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]