weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მინისტრებმა შეხვედრა 9 წუთში დატოვეს – „ნამახვანჰესზე კითხვებს გაექცნენ“

16:13 პარასკევი, 12 მარტი 2021
ფოტოზე ვარლამ გოლეთიანი ფოტოზე ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა, დაწყებიდან 9 წუთში დატოვეს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, რომლებიც ქუთაისში თბილისიდან ჩავიდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ თქვა, რომ შეხვედრას ცოტა ხნით ტოვებდნენ, რათა ჟურნალისტებთან კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა თურნავა დარბაზში აღარ დაბრუნებულა. ჟურნალისტებთან კომენტარის შემდეგ ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილეებს გამოემშვიდობა. მინისტრებმა მაგიდასთან სამინისტროების და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები დატოვეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ამ საქციელით მთავრობის წევრებმა მოსახლეობა მასხრად აიგდეს და კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა.

„ბოლოს ამბობდნენ, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვსო და ეს რას ნიშნავს? ეს არის კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება? მოვედით, რომ კითხვები დაგვესვა მინისტრისთვის და თვითონ არ არის, წავიდა. თბილისიდან 10 წუთით ჩამოვიდა და წავიდა უკან.

ეს თუ მასხრად აგდება არ არის და სერიოზული სახე შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს, არ ვიცი, თითოეული ქართველისთვის მიმინდია ამის გადაწყვეტა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, მინისტრები გაექცნენ შეკითხვებს, მათ შორის, ინვესტორი კომპანიისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, მიწების გადაცემაზე გვინდოდა კითხვების დასმა. 99 წელი კი არა 381 ჰექტარი საერთოდ მიყიდულია სამუდამო საკუთრებაში. გვინდოდა ამის მიზნობრიობაზე მინისტრს ელაპარაკა. გრძელვადიან პერსპექტივაში რა საფრთხეები შეიძლება მოიტანოს ამან ან ბოლო-ბოლო რა მოგება გვაქვს აქედან ამხელა, რომ ასეთ რისკს ვდებთ.

პრაქტიკულად გამოიკვეთა, რომ ჩვენ ამ ტიპის კომუნიკაციაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ასეც ვიცოდით, რომ ფორმალური ხასიათის იქნებოდა, მაგრამ იმის იმედი ნამდვილად გვქონდა, რომ აქ იქნებოდა ქალბატონი ნათია. ვერ ვიფიქრებდით, რომ ისინი აქედან ადგებოდნენ და წავიდოდნენ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეებმაც დატოვეს იმ მიზეზით, რომ ისინი ასეთ ფორმატზე არ ყოფილან შეთანხმებული.

ნათელა თურნავა და ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მცხოვრებლებს შეხვედრას და დისკუსიას 5 მარტს დაპირდნენ, როდესაც ისინი სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ულტიმატუმებით დაწყებული დიალოგი ვერასდროს მივა კარგ შედეგამდე. თქვენი მოსაზრებაა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა და უნდა აშენდეს. გადავდოთ გვერდზე ეს უკიდურესობა. თქვენ განსაზღვრეთ დღის წესრიგი. რადგან თვლით, რომ ხელშეკრულებაა თქვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხი და ყველა პუნქტი უნდა განიმარტოს, ჩვენც მოგყვებით ამაში და დავიწყოთ ხელშეკრულებით. თუმცა, ვიცით, რომ ერთ-ერთი წუხილის სფერო არის თვითონ პროექტის ტექნიკური დაცულობა და გარემოსდაცვითი საკითხები. ორ ბლოკად გავაკეთოთ. ჩათვალეთ, რომ ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მიმართულები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა 5 მარტს, სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრაზე.

მთავრობის მხრიდან დიალოგის შეთავაზებას წინ უძღოდა 28 თებერვალს, ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]