weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში საპროტესტო აქცია 14 მარტს გაიმართება

18:36 პარასკევი, 12 მარტი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ქუთაისში 14 მარტს გამართავს. აქცია 13:00 საათზე დაიწყება. „ვინც მოვა, ყველა უნდა იყოს იმ განწყობით, რომ არ წავა იმ ადგილიდან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

„ჩვენი ქვეყნისთვის შევძლებთ, რომ ერთი ღამე ყველამ გავათენოთ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე. იქ დავაყენებთ მანქანებს და მშვიდობიანი ფორმით ყველა ერთად ვიტყვით ჩვენს სათქმელს - ქართული მიწა არ იყიდება.

ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი და ზუსტად ეს უნდა დაგვეფიქსირებინა დღეს მინისტრებთან შეხვედრაზე. ისინი ამ ყველაფერს ხსნიან მიღებული პრაქტიკით. თურმე, 381 ჰექტარი მიწა სამუდამოდ რომ აჩუქო მეზობელ სახელმწიფოს, ეს მიღებული პრაქტიკაა. საზოგადოება ამას ვაფასებთ, როგორც ღალატს“, - აღნიშნა გოლეთიანმა.  

რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები ნამახვანჰესის წინააღმდეგ 139-ე დღეა მორიგეობენ და ღამეებს კარვებში ათევენ.

ისინი ითხოვენ, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 განკარგულება, რომლითაც ასობით ჰექტარი მიწა შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა აღნაგობის უფლებითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით; მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს; გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი; კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

28 თებერვალს ქუთაისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესზე. აქციის შემდეგ, შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა.

4 მარტს პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ნამოხვანში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა. „პირადად გაეცანით, აუხსენით თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი.  ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. შეიძლება მოვიწვიოთ და ამ საკითხით დაინტერესებული პირების დასწრებით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას, ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

5 მარტს მინისტრებმა ცაგერში გამართეს შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად მედიისთვის დახურული უნდა ყოფილიყო, რის გამოც მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს რიონის ხეობის მცველებმა. შეხვედრას ძირითადად საჯარო მოსამსახურეები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ნამოხვანში მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ 12 მარტს მათთან გაფართოვებულ შეხვედრას გამართავდნენ და ყველა კითხვაზე უპასუხებდნენ.

ნამახვანჰესის საკითხი, 9 მარტს, პარლამენტის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების სხდომაზე განიხილეს. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაიმეორა, რომ ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია და ის აუცილებლად განხორციელდება.

12 მარტს შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ექსპერტებთან. ნათია თურნავამ მონაწილეებს ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და შეხვედრა დაწყებიდან 9 წუთში დატოვა გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად.

 

ამ თემაზე:

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]